Loading data...
მიხეილ ყაველაშვილი: სააკაშვილი არ იცვლება, შეხედეთ მის განცხადებებს რა ტექსტებით საუბრობს, ისევ იგივე დამოკიდებულებით, ერთადერთი, რაც მას არ გააჩნია ეს არის ძალაუფლება, თორემ უარესს გააკეთებდა

„დღეს უკვე სამართლებრივი პროცესია მათ წინააღმდეგ და საკონსტიტუციოში არის შეტანილი საკითხი ამ პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებით, ფაქტებზე დაყრდნობით. ეს იგივე ძალა არის, რომელიც ჩადიოდა დანაშაულს, არეკეტებდა ბიზნესს, ართმევდა ადამიანებს სიცოცხლეს, არაერთი ადამიანი პირდაპირ ქუჩაში ჩაცხრილეს წაართვეს ბიზნესი, ტელევიზიებში იჭრებოდნენ ძალადობით და ეს ფაქტები არის“, - ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით მიხეილ სააკაშვილი არ ნანობს 7 ნოემბერს და დღეს რომ სათავეში იყოს, უარესს გააკეთებდა.

„ყოფილი პრეზიდენტი, ამ ყველაფრის სათავეში ვინც იყო, ბატონი სააკაშვილი, არ იცვლება. შეხედეთ მის განცხადებებს, რა ტექსტებით საუბრობს, ისევ იგივე დამოკიდებულებით.

ერთადერთი, რაც მას არ გააჩნია ეს არის ძალაუფლება, თორემ უფრო უარესს გააკეთებდა დღეს რომ ის იყოს საქართველოს სათავეში. პირდაპირ ანადგურებდნენ ოჯახებს, ადამიანებს ანადგურებდნენ და ეს დამოკიდებულება არ შეცვლილა, ეს უნდა ვიცოდეთ. იმის მაგივრად ამდენი ხნის მანძილზე რაღაცა გაეაზრებინა, ანალიზი გაეკეთებინა და ბოდიში მაინც მოეხადა იმ ოჯახის წევრებისთვის, ვისი წევრებიც პირდაპირ ქუჩაში ჩაცხრილეს, ეს ადამიანი არ იცვლება და  შეუძლებელია მათთან ერთად ცხოვრება, ხომ წარმოგიდგენიათ როგორ ფიქრობს ეს ადამიანი და რა ღირებულებით არსებობდა.

არაფერი შეცვლილა იმ 7 ნოემბრის შემდეგ მათ გონებაში, პირიქით სინანულსაც კი გამოთქვამენ თუ დააკვირდებით ერთი ორჯერ თქვა კიდევაც, კულუარებიდანაც გამოვიდა ინფორმაცია, რომ ბოლომდე როგორ არ მიიყვანეს და არ ჩახოცეს ოპოზიცია და ვინც კი მათ წინააღმდეგ იყო, რათა გაემაგრებინათ ხელისუფლება“, - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

მიხეილ ყაველაშვილმა ჯინ შაჰინის სიტყვები გაიხსენა, რომლის მიხედვითაც, ამერიკელმა სენატორმა აიძულა სააკაშვილი გადამდგარიყო, მაშინ როცა მიხეილ სააკაშვილი ფიქრობდა როგორ ჩაეხშო სისხლში ქართველი ხალხის გამარჯვება.

„ეს ვითომ დემოკრატები, ვითომ სამართლიანობაზე და ევროკავშირზე რომ საუბრობენ და დამოუკიდებლობაზე და სუვერენიტეტზე, გახსოვთ შაჰინმა რა თქვა? ეს ვაჟბატონი [მიხეილ სააკაშვილი] განა არ იყო მზად იმისთვის, რომ სისხლში ჩაეხშო მაშინდელი, 2012 წლის გამარჯვება ქართველი ხალხის და „ქართველი ოცნების“, შაჰინმა თქვა, რომ ჩვენ ვაიძულეთ სააკაშვილიო, ჩვენ ვუთხარით სააკაშვილს რომ გადამდგარიყოო, ის იჯდა და ფიქრობდა როგორ ჩაეხშო სისხლში მაშინდელი გამარჯვება ოპოზიციის, აი ამ ფიქრში იყო“, - განაცხადა პრეზიდენტმა.