მიხეილ ყაველაშვილი: კეთილსინდისიერად ვასრულებდით გაწერილ საშინაო დავალებას, ლიდერი ვიყავით ამ ქვეყნებს შორის და დღემდე გაუცემელია პასუხი - რატომ არ მიენიჭა მაშინ, იმ ორ ქვეყანასთან ერთად საქართველოს კანდიდატის სტატუსი
„დღემდე გაუცემელია პასუხი - რატომ არ მიენიჭა იმ ორ ქვეყანასთან ერთად საქართველოს კანდიდატის სტატუსი. არ არსებობს დღემდე ამაზე პასუხები“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა.
„ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, რომ ინფორმირებული გვყავდეს ჩვენი საზოგადოება. არ ვმალავთ ჩვენს ქმედებებს, შეხედულებებს და ყველაფერზე ღიად ვსაუბრობთ. ყველა ის საკითხი, რომელიც ევრობიუროკრატიის მხრიდან განხორციელებული იყო საქართველოს და საქართველოს ხელისუფლების მისამართით, ყველა იყო შანტაჟის საკითხი; გაიხსენეთ კანდიდატის სტატუსი და დღემდე გაუცემელია პასუხი - რატომ არ მიენიჭა იმ ორ ქვეყანასთან ერთად საქართველოს კანდიდატის სტატუსი. არ არსებობს დღემდე ამაზე პასუხები. კეთილსინდისიერად ვასრულებდით გაწერილ საშინაო დავალებას და ლიდერი ვიყავით ამ ქვეყნებს შორის და წარმოიდგინეთ, როგორი უსამართლობაა, რის გამოც ჩვენ დაგვჩაგრეს. მართლაც სასაცილოა ეს მიზეზები. რაში გამოიხატება დემოკრატიის უკუსვლა? ეს დირექტივები და შეფასებები საჭიროა აქ არსებული რადიკალური ფრთის გაცოცხლებისთვის, რომელიც მილევად რეჟიმშია, აღარც ძალა და რესურსი აქვთ და მათი მოტივაციისთვისაა ეს შეფასებები“, - აღნიშნა ყაველაშვილმა.
პრეზიდენტი, ასევე, გამოეხმაურა აშშ-ის მიერ ყოფილი ევროკომისრის ტიერი ბრეტონისა და კიდევ ოთხი ევროპელისთვის დაწესებულ სავიზო შეზღუდვას და ამ საკითხზე ევროპელი ლიდერების განცხადებებს.
„თურმე რა არის, როცა შენს საქმეში ვიღაც ერევა. ამის გამო ისინი წუხან და ჩვენთან მიმართებით იმავეს რომ აკეთებენ, ეს თურმე მისაღებია“, - აღნიშნა ყაველაშვილმა.