Loading data...
მიხეილ ყაველაშვილი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ კრანს-მონტანას სათხილამურო კურორტზე მომხდარი შემაძრწუნებელი ტრაგედიის გამო, რომელმაც უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე შეიწირა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს შვეიცარიის სათხილამურო კურორტზე მომხდარი აფეთქების გამო, რომელსაც 40 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 115 კი დაშავდა. 

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ კრანს-მონტანას სათხილამურო კურორტზე მომხდარი შემაძრწუნებელი ტრაგედიის გამო, რომელმაც უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე შეიწირა.

ამ მძიმე წუთებში ქართველი ხალხი უერთდება საყოველთაო გლოვას - ვიზიარებთ შვეიცარიელი ხალხის ამ დიდ ტკივილს. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს, ახლობლებსა და ყველას, ვისაც ეს დიდი ტრაგედია შეეხო. დაშავებულებს კი მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. საქართველო თქვენს გვერდითაა“, - წერს მიხეილ ყაველაშვილი X-ზე.

ცნობისთვის, ახალი წლის ღამეს კრან-მონტანას კურორტზე მდებარე ერთ-ერთ ბარში აფეთქება მოხდა. აფეთქებას ხანძარი მოჰყვა. წინასწარი მონაცემებით, დაიღუპა 40 და დაშავდა 115 ადამიანი. შვეიცარიაში ხუთდღიანი გლოვაა გამოცხადებული.