Loading data...
მიხეილ სარჯველაძე: სახელმწიფო, უწყვეტად, სწრაფი ტემპით ვითარდება ევროპული მიმართულებით

„ საქართველოს ევროპეიზაციისთვის, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ, უამრავი რამ გააკეთა. სახელმწიფო, უწყვეტად, სწრაფი ტემპით ვითარდება ევროპული მიმართულებით. თუმცა, თუ ევროპაში გვინდა, კარგად უნდა გვესმოდეს, რომ უნდა ვიყოთ შემდგარი სახელმწიფო. შემდგარი სახელმწიფო ნიშნავს საკუთარი კონსტიტუციის პატივისცემას, საკუთარი სუვერენიტეტის პატივისცემას. არავისთვის დასათმობი ეს არ არის“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.

მისივე თქმით, სახელმწიფოს ევროპული განვითარება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას გულისხმობს, რასაც მმართველი გუნდი, ყოველდღიურად აკეთებს.

„მაგალითად, მეწარმეთა შესახებ კანონი, პერსონალური მონაცემთა დაცვის კანონი, რომელიც სხვათა შორის, ახლა, ფეხქვეშ ითელება. არასამთავრობო სექტორიდან, რომლისთვისაც, თითქოს, ეს ყველაფერი ღირებულია, ხმას არავინ იღებს. ვინც ეწინააღმდეგება ამ ქვეყნის მართლაც ევროპულ, სტაბილურ განვითარებას, არის თანაზიარი ერთი აზრისა, რომ ხელისუფლება ვერ უნდა ახორციელებდეს სუვერენულ პოლიტიკას.

ეს იქნება რუსეთი, თუ ეს იქნება ნებისმიერი სხვა, ვინც ამ ქვეყნის განვითარების მოწინააღმდეგეა, იქნება კონფრონტაციაში ამ ხელისუფლებასთან ზუსტად იმ სახით, როგორც იგეგმება - რაც შეიძლება, დიდ მასას მოედოს ეგზალტირება და გადაიზარდოს უმართავ პროცესებში. ამას ვადევნებთ თვალს და ეს არის ძალზედ სახიფათო. ცდილობენ, ადამიანები - მეზობლები, მეგობრები, ნათესავები დააპირისპირონ ერთმანეთთან“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

მისივე განცხადებით, ბოლო პერიოდში, ემოციური ტალღა იმ ფაზაში გადავიდა, როდესაც კანონპროექტის გარშემო, მსჯელობა და არგუმენტების წარმოდგენა არ მიდის.

„29 აპრილს რომ აქცია გაიმართა, რომელიც არასწორად, კონტრაქციად მონათლეს, იქ ძალიან კარგად გამოჩნდა და კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო საზოგადოებას - ნამდვილად არავის აქვს უფლება, მთელი ქართველი საზოგადოების სახელით ისაუბროს. მეტადრე, არავის აქვს უფლება, განსხვავებულ აზრს ებრძოლოს და გადავიდეს პერსონალურ დაპირისპირებაში. ძალიან თვალსაჩინოდ გამოჩნდა, როგორი არნახული ბულინგი მიმდინარეობს ჩემი კოლეგების მიმართ.

პოლიტიკოსებზე ერთია და მეორეა საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებზე სრულიად აგრესიული კამპანია, რასაც ვუყურებთ. ეს ხომ აბსოლუტურად არანორმალურია?! პრაქტიკულად, დაიკარგა ყოველგვარი საღი აზრი. თუ ისტორიას გადავავლებთ თვალს, ყოველთვის აღმოჩნდება, რომ უზარმაზარი შეცდომების წინაშე საქართველო დამდგარა მაშინ, როდესაც იკარგება საღი აზრი და როდესაც ხდება ემოციურად გადაწყვეტილების მიღება“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

მისივე განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას, შესწევს უნარი, დაიცავს საღი აზრი. როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, ქვეყანამ, ევროპული მომავლისკენ საღად უნდა იმოძრაოს და არა ტრაფარეტებით, რომლის მიღმაც ისეთი პოლიტიკური ზრახვებია, როგორიც, „ნაციონალური მოძრაობისა“ და მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნებაა, რომლებსაც არანაირი კავშირი არ აქვთ ევროპულ ღირებულებებთან.