მიხეილ სარჯველაძე: როდესაც ვსაუბრობთ რამდენი მედიკამენტი უნდა დაინიშნოს, უპირატესად ეს უნდა წარიმართოს კლინიკური შემთხვევების მართვის გაიდლაინებით, პროტოკოლებით, პროცედურული ნორმებით
როდესაც ვსაუბრობთ რამდენი მედიკამენტი უნდა დაინიშნოს, უპირატესად ეს უნდა წარიმართოს კლინიკური შემთხვევების მართვის გაიდლაინებით, პროტოკოლებით, პროცედურული ნორმებით, ეს შეიძლება იყოს რეგულირებული, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ჭარბი მედიკამენტების გამოწერის საკითხზე დასმული კითხვის პასუხად.
მინისტრის თქმით, საქართველოში არსებობს გარკვეული ინტერესთა კონფლიქტისა და დაუბალანსებლობის პრაქტიკა, როდესაც მსხვილ სამედიცინო ჯგუფს შეიძლება ეკუთვნოდეს პრაქტიკულად ყველა მიმართულება.
„ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრაქტიკა, ეს არსებობს ბევრგან, მაგრამ ამასთან გამკლავების გარკვეული ინსტრუმენტები არსებობს.
პირადად მე მგონია, რომ მარტივი იქნებოდა უფრო, რომ ეს არ ყოფილიყო ინტერესთან კონფლიქტის რეჟიმში და ყოფილიყო ავტონომიური ბიზნესსტრუქტურები, ცალკე ფარმაცევტიკა და ასე შემდეგ. აქ მთავარი რაც იქნება, მთავარია ინტერესთა კონფლიქტის ისე მართვა, რომ ეს პაციენტის ხარჯზე, პაციენტის საზიანოდ არ ხდებოდეს. ამიტომ როდესაც ვსაუბრობთ რამდენი მედიკამენტი უნდა დაინიშნოს, უპირატესად ეს უნდა წარიმართოს კლინიკური შემთხვევების მართვის გაიდლაინებით, პროტოკოლებით, პროცედურული ნორმებით, ეს შეიძლება იყოს რეგულირებული. ამის პრაქტიკა არსებობს. ვერ ვიტყვი, რომ საქართველო ამ კუთხით ძლიერად განვითარებულია, მაგრამ პერსპექტივა ნამდვილად არსებობს, რომ ეს განვითარდეს.
გარკვეული მიმართულებებით, გარკვეული ჩარჩო შეიქმნა, რაც აზღვევს ამ ტიპის არასწორი ქმედებებისგან ჩვენს მოსახლეობას, მაგრამ ეს მომავალში კიდევ უფრო მეტად შეიძლება განვითარდეს. ამას სჭირდება, მაგალითად რეცეპტების მიმართულებით სისტემების განვითარება, აუცილებელი იქნება ესეც, სამწუხაროდ გარკვეულ ეტაპზე აქ ამოვვარდით კალაპოტიდან და ახლა გვიწევს მეორედ ამის დანერგვა. ესეც რჩება ჩვენი სამინისტროს პრიორიტეტთა შორის“, - განმარტა მიხეილ სარჯველაძემ.