მიხეილ სარჯველაძე: რა თქმა უნდა, ვგულშემატკივრობთ ქართულ წარმოებას, ამ მიმართულებით ძალიან ბევრი რამე შეიძლება გაკეთდეს და ამ დრომდეც კეთდება
„ჩვენთან ეს უცნაურობა არის, ერთი სადმე რომ გაიხსნება, იმას მიჰყვება რამდენიმე დასახელების აფთიაქი. ეს, ბუნებრივია, გარკვეულ ტვირთს აჩენს ბიზნესზე“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ აფთიაქების რაოდენობაზე საუბრისას.
„ამას არ სჭირდება დიდი ცოდნა და დიდი ანალიტიკა სტატისტიკის, ყველას სახლთან სადმე არის რამდენიმე დასახელების ერთდროულად, გვერდიგვერდ ჩაყოლებული. ეს, რასაკვირველია, უცნაურად გამოიყურება. ყველა ვყოფილვართ სადმე, გვინახავს ევროპულ სახელმწიფოებში როგორ არის. ასეთი რამ მე პირადად არსად შემიმჩნევია, რომ რამდენიმე კონკურენტი დასახელების ფარმაცევტული ქსელის წარმომადგენელი გვერდიგვერდ ხსნიდეს ობიექტს. ასეთი რამ მე მართლა არ მინახავს.
ჩვენთან ეს უცნაურობა არის. ერთი სადმე რომ გაიხსნება, იმას მიჰყვება რამდენიმე დასახელების აფთიაქი. ეს ბუნებრივია, გარკვეულ ტვირთს აჩენს ბიზნესზე. ეს ტვირთი სად უნდა წავიდეს? უნდა აისახოს ფასში. ამიტომ, თუ მაგალითად იგივე რეფერენტული ფასების პირობებში მოგებისა და ზედმეტი ხარჯის შემცირების საკითხი დადგება, ბუნებრივია, რომ ასეთ დროს, თქვენ რომ ბრძანეთ, სხვა რამიდან შეეცდება დაიკმაყოფილოს თავისი ჭარბი მოგების მოთხოვნა, ამ შემთხვევაში ერთ-ერთი მეთოდი არის ხარჯების შემცირებაც.
ხარჯების შემცირების ყველაზე კარგი ინსტრუმენტია, რომ გარკვეულწილად ეს იყოს რეგულირებული. შევხედოთ, ამ თვალსაზრისით ბუნებრივია, რომ სინქრონულად უნდა დარეგულირდეს, სინქრონულად იმასთან, როგორიც იქნება დამოკიდებულება იგივე მარკეტებთან. ალბათ ესეც არის ერთ-ერთი მიმართულება რეალური ხარჯების შემცირება, რომელზეც უნდა ვისაუბროთ. იქ იყო არა მხოლოდ ამაზე საუბარი, იქ იყო საუბარი ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობაზე“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქართულ წარმოებას, რა თქმა უნდა, გულშემატკივრობენ.
„ჩვენ ამაზე არასდროს გვითქვამს უარი, რომ მხარი დავუჭიროთ ადგილობრივ წარმოებას. სხდომაზეც გამოითქვა ეს შეხედულება, რომ ჩვენ უნდა გვქონდეს ამოცანები მოკლევადიანი, საშუალოვადიანი, გრძელვადიანი. ალბათ, წარმოების ხელშეწყობა და განვითარება უპირატესად გრძელვადიანია. უფრო სტაბილურ განვითარებაზე ორიენტირებული ერთ-ერთი აქტივობაა მაგრამ, დიახ, რა თქმა უნდა, ეს არის აქტივობა. ამ ინიციატივას მხარდაჭერა ისედაც და ასეც აქვს. რა თქმა უნდა, ვგულშემატკივრობთ ქართულ წარმოებას. ამ მიმართულებით ძალიან ბევრი რამე შეიძლება გაკეთდეს და ამ დრომდეც კეთდება“, - განაცხადა მან.