მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს ფიგურულ მოციგურავეთა ეროვნული ნაკრების წევრები და საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის წარმომადგენლები ღირსების ორდენით დააჯილდოვა
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით საქართველოს ფიგურულ მოციგურავეთა ეროვნული ნაკრების წევრები და საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის წარმომადგენლები ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
ლაურეატებს სახელმწიფო ჯილდოები საქართველოს სახელმწიფოს აღმშენებლობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ისტორიული სპორტული მიღწევისათვის გადაეცათ.
პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ღონისძიებას საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე და სპორტის სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.
როგორც მიხეილ ყაველაშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, საამაყოა, რომ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე დიდ ქვეყნებს შორის წარმოდგენილი იყო პატარა, მაგრამ ღირსეული საქართველო.
„მინდა მივესალმო ჩვენს გამორჩეულ სპორტსმენებს, რომლებმაც სულ ახლახან, მილანში, 2026 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე უდიდეს წარმატებას მიაღწიეს და გაახარეს ჩვენი ერი. მინდა ვისარგებლო შემთხვევით, მივულოცო და მადლობა გადავუხადო მათ მწვრთნელებს, ფედერაციის წარმომადგენლებს, ყველა იმ ადამიანს, რომელიც ჩვენს სპორტსმენებს ამ წარმატებაში დაეხმარა. მე მქონდა შესაძლებლობა დავსწრებოდი ოლიმპიადის გახსნას მილანში, ჩემს მეუღლესთან და საქართველოს დელეგაციის წევრებთან ერთად. მეორე დღეს ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა ყინულის დარბაზში გვეგულშემატკივრა ჩვენი სპორტსმენებისთვის. პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა ეს ასპარეზობა.
მთელი მსოფლიო თვალს ადევნებდა, ძალიან ბევრი ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა და სიამაყით ვიყავით განმსჭვალული თითოეული ჩვენგანი, იმიტომ, რომ იმ დიდ და გიგანტ ქვეყნებს შორის წარმოდგენილი იყო ჩვენი პატარა, მაგრამ ღირსეული და ნიჭიერი ქვეყანა.
ვამაყობდით, რომ ასეთ დიდ წარმატებას მიაღწია ჩვენმა გუნდმა, არ დასჯერდა ათეულის ადგილს, გავედით ხუთეულში. სულ ცოტა დაგვაკლდა, რომ ბრინჯაოს მედლები აგვეღო, მაგრამ ისტორიული შედეგი დაფიქსირდა - მეოთხე ადგილი.
სასწაული მაინც მოხდა, ჩვენმა ლუკამ და ანასტასიამ, პირველად ქართული [ზამთრის] სპორტის ისტორიაში, შეძლეს ოლიმპიური მედლის მოპოვება და გაახარეს მთლიანად ჩვენი ქვეყანა. ეს მართლაც დიდი წარმატებაა ჩვენი სპორტისთვის და მინდა ჩვენმა საზოგადოებამ იცოდეს, რომ ამიტომაც არის გამოკვეთილი ჩვენთვის სპორტის როლი ქვეყანაში. მიჭირს დასახელება ქვეყნების, სადაც ამდენი გამორჩეული, ანგარიშგასაწევი სპორტსმენი იყოს სხვადასხვა სახეობაში, როგორიც ჩვენს ქვეყანას ჰყავს. ეს მართლაც დიდი ფუფუნებაა, დიდი ბედნიერებაა და ამიტომაც ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს სახეობა, ეს სფერო ყოველთვის წარმატებული იყოს ჩვენს ქვეყანაში. ამას ვაკეთებთ კიდევაც. ვიცით, რომ სპორტსმენების ცხოვრებისთვის მუდმივად თანამდევია წარმატება და წარუმატებლობა, გამარჯვება და დამარცხება.
მთავარია როგორი დამოკიდებულებით ვართ თითოეული ჩვენგანი, სპორტსმენი, მწვრთნელი, ხელისუფლება, სახელმწიფო, გულშემატკივარი და მე მინდა სიამაყით განვაცხადო, რომ ბოლო წლების მანძილზე მით უმეტეს, არასდროს არ მიგვიტოვებია დამარცხებული სპორტსმენი, ყოველთვის ვართ სოლიდარულები, მის გვერდით ვართ და ვეხმარებით, რომ განაგრძოს თავისი მოღვაწეობა და მიაღწიოს შემდეგ წარმატებას. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია გამარჯვებულთან დამოკიდებულება - ჩვენ ყოველთვის თანაზიარი ვართ მისი გამარჯვების და ყოველთვის ვცდილობთ შესაბამისად შევაფასოთ და დავაფასოთ მათი ღვაწლი ქვეყნის წინაშე, რათა ისინი იყვნენ ჩვენი ქვეყნის ღირსეული წარმომადგენლები. ეს არის ჩვენი ბუნებრივი და განსაკუთრებული დამოკიდებულება ჩვენი სპორტსმენების და სპორტის მიმართ.
ეს წარმატებები, რომლითაც განებივრებული ვართ გულშემატკივარი და მთელი ქვეყანა, რაც სპორტში გვაქვს და ყოველ წელს ეს ყველაფერი უფრო და უფრო მზარდია, მდგრადია და ვითარდება, სწორედ ამ დამოკიდებულების გამო ხდება ეს ყველაფერი, რომ ასეთი წარმატებული ვართ“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, გარკვეული ძალები ცდილობდნენ დაეზიანებინათ სპორტსმენები და დაპირისპირება შემოეტანათ.
„მინდა აღვნიშნო, რომ მიუხედავად ამ ჯანსაღი პროცესისა, ჩვენდა სამწუხაროდ, იყვნენ ძალები, რომლებიც ცდილობდნენ, რომ ზიანი მიეყენებინათ ამ ჯანსაღი პროცესისთვის, დაეზიანებინათ სპორტსმენები, ეს ჯანსაღი პროცესი, შუღლი შემოეტანათ, დაპირისპირება, მაგრამ ეს მათ ვერ შეძლეს, ყველამ ერთად, საზოგადოებამ, სპორტსმენებმა, ხელისუფლებამ, სახელმწიფომ, ყველაფერი გავაკეთეთ, გავუმკლავდით ამ გამოწვევას და გავიმარჯვეთ. სწორედ ასეთი გამარჯვების დღეს აღვნიშნავთ დღეს პრეზიდენტის სასახლეში.
მადლობა მინდა გადავუხადო პრემიერ-მინისტრსს, პარლამენტის თავმჯდომარეს, ჩვენს გუნდს. მათი წარდგენით მე დღეს მაქვს პატივი ჩვენი გამორჩეული სპორტსმენები და მათი წარმომადგენლები ღირსებით ორდენით დავაჯილდოო. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდ წარმატებას, ვულოცავ სრულიად საქართველოს“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
საქართველოს სახელმწიფოს აღმშენებლობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ისტორიული სპორტული მიღწევისათვის ღირსების ორდენით დაჯილდოვდნენ: საქართველოს ფიგურულ მოციგურავეთა ეროვნული ნაკრების წევრები: ლუკა ბერულავა, ანასტასია მეტელკინა, ანასტასია გუბანოვა, ნიკა ეგაძე; ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას პირადი მწვრთნელი პაველ სლიუსარენკო, ნიკა ეგაძის პირადი მწვრთნელი ეთერი თუთბერიძე, ა(ა)იპ - საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტი მარიამ გიორგობიანი, ააიპ - საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის წევრი, ფიგურულ ციგურაობაში საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი სალომე ჩიგოგიძე.