მიხეილ ყაველაშვილი Responsible Statecraft-თან: დასავლეთი ჩვენგან რუსეთთან ომში ჩართვას მოითხოვდა, რაც ჩვენს სასიცოცხლო ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა

„საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობის გამწვავება რუსეთის მიერ უკრაინაში 2022 წელს შეჭრამ გამოიწვია. საქართველოს მთავრობამ დაგმო უკრაინაში ინტერვენცია, ჰუმანიტარული დახმარება გაგზავნა უკრაინაში და გარკვეული სანქციები დაუწესა რუსეთს. თუმცა, საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა ქართველი მოხალისეების საბრძოლველად გაგზავნაზე უკრაინაში და ასევე უარი თქვა დასავლეთის ზეწოლაზე, რომ სამხედრო დახმარება გაეგზავნა და ევროკავშირის სანქციების სრულ სპექტრს შეერთებოდა, რამაც ახალი ბრალდებები გააჩინა, რომ „პრორუსულები“ არიან”, - ამის შესახებ გავლენიანი ამერიკული გამოცემის Responsible Statecraft-ის სტატიაში ვკითხულობთ, რომელიც საქართველოს პრეზიდენტთან, მიხეილ ყაველაშვილთან ნიუ-იორკში ჩაწერილ ინტერვიუს აქვეყნებს.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ინტერვიუში აცხადებს, რომ დასავლეთი საქართველოს რუსეთთან ომში ჩართვას მოითხოვდა. მისივე განცხადებით, დღეს საქართველოს ჰყავს მთავრობა, რომელიც ხალხისა და ქვეყნის ეროვნული ინტერესებით მოქმედებს.
„ამ საკითხზე პრეზიდენტ ყაველაშვილს მტკიცე პოზიცია აქვს. მან დასავლეთი რუსეთთან ახალი ომის პროვოცირების მცდელობაში დაადანაშაულა, რაც საქართველოსთვის კატასტროფული შედეგებით დასრულდებოდა. „დასავლეთი ჩვენგან რუსეთთან ომში ჩართვას მოითხოვდა, რაც ჩვენს სასიცოცხლო ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა... იგივე შედეგებით დასრულდებოდა, როგორც 2008 წელს, როდესაც მაშინდელი მთავრობის არაგონივრულმა ქმედებებმა ნატოსადმი ნდობის საფუძველზე საქართველო კატასტროფამდე მიიყვანა“ – განაცხადა მან ჩვენს ინტერვიუში და აქვე დასძინა: „მაგრამ დღეს საქართველოს ჰყავს მთავრობა, რომელიც ჩვენი ხალხის ინტერესებს წარმოადგენს... იგივე მედია საშუალებები, რომლებიც ჩვენ რუსეთის გავლენის ქვეშ ყოფნას გვდებენ ბრალად, იდენტურ ტყუილს ავრცელებდნენ პრეზიდენტ ტრამპზე“, - ვკითხულობთ საქართველოს პრეზიდენტის ინტერვიუში, რომელიც მან გავლენიან ამერიკული გამოცემას Responsible Statecraft-ს ნიუ-იორკში მისცა.
საქართველოს პრეზიდენტმა ინტერვიუში, ქართული ოპოზიციის მობილიზაციის პროცესში, USAID-ის, NED-ისა და სხვა ორგანიზაციების როლზე გაამახვილა ყურადღება.
„პრეზიდენტმა ყაველაშვილმა აშშ-ის „დიფ სთეითი“ და ისეთი ორგანიზაციები, როგორებიცაა USAID, დემოკრატიის ეროვნული ფონდი (NED) და ევროპარლამენტი, ამ ამოცანის შესრულების გარშემო ქართული ოპოზიციის მობილიზებაში დაადანაშაულა: „მაგრამ მთელი ამ ზეწოლის მიუხედავად, ჩვენ ვიდექით და ვაგრძელებთ დგომას საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და ეკონომიკური განვითარების სადარაჯოზე“, - ვკითხულობთ სტატიაში.