მიხეილ ყაველაშვილი: რადიკალური ფრთა ხომ ერთი და იგივე სახელებია დაახლოებით 15-20 წელია, არც იცვლებიან. ისინი არიან მარტო სახელებით, გვარებით და პასპორტით ქართველი ადამიანები, დანარჩენი არაფერი სცხიათ ამ ქვეყნისა იმდენად დეგრადირდნენ
ვიდრე პოლარიზაციის შემცირების პროცესი შედგება, უნდა გამოვკვეთოთ ვინ არის ეს მეორე მხარე, რატომ ვეძახით მას მეორე მხარეს, რომელზეც ფაქტებით გვაქვს გამყარებული, რომ ეს არის გარედან მართული მეხუთე კოლონა. ეს არის აუცილებლად აღსაქმელი და დასანახი ჩვენი საზოგადოებისგან, რომ ეს არ წარმოადგენს მხარეს, ეს არის მართული ძალა, რომელიც პირდაპირ მტრობს ქვეყანას, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „იმედის კვირა“ პოლარიზაციის შემცირებაზე საუბრისას.
მისივე თქმით, ხელისუფლების განვითარებისთვის აუცილებელია ჯანსაღი ოპონირება, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ხელს უშლის.
„ძალები, რომლებიც ნეიტრალურ სივრცეში არიან, უნდათ, რომ პოლიტიკაში იყვნენ და „ნაციონალური მოძრაობა“ საშუალებას არ აძლევს, ეს გაწვდილი ხელია და ნელ-ნელა ეს პროცესი დაიხვეწება. აქ გამარჯვება, დამარცხებაზე არ არის საუბარი. უნდა იცოდნენ, რომ მაგალითის მიმცემიც შეიძლება იყოს „ქართული ოცნება“, რომელმაც თქვა, რომ არ არის მისთვის სახარბიელო, რომ სუსტია ოპოზიცია და ოპოზიცია კონკურენციას ვერ უწევს ხელისუფლებას, რადგან ეს ხელისუფლებისთვისაც ცუდია და სახელმწიფოს განვითარებისთვისაც ცუდია.
ამას აღიარებს ხელისუფლება, რადგან მას მარტივად შეუძლია ნებისმიერ არჩევნებში გამარჯვება, მაგრამ ეს არ იძლევა იმის შედეგს, რომ ჩვენ უფრო სწრაფი ტემპით განვვითარდეთ და აუცილებელია ჯანსაღი ოპონირება, ამ ეროვნულ ღირებულებებზე შექმნილი ჯგუფების და პარტიების მხრიდან. ეს გრძელვადიან პროცესში უნდა დაინახოს ამ ხალხმა და არ უნდა მოხდეს მათი გაკიცხვა, ვინც ამ პროცესებში მონაწილეობს“ - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
მანვე აღნიშნა, რომ რადიკალური ფრთა გარე ძალებისგან არის მართული და ისინი მარტო სახელებით, გვარებით და პასპორტით არიან ქართველები, დანარჩენი არაფერი სცხიათ ამ ქვეყნისა იმდენად დეგრადირდნენ.
„რადიკალური ფრთა ხომ ერთი და იგივე სახელებია დაახლოებით 15-20 წელია, არც იცვლებიან. დღეს უკვე ხუმრობს საზოგადოება, რომ გადიან შემოდიან, იშლებიან, ისევ ერთიანდებიან. მათ არავინ ეკითხება, მათ დაუკვეთენ, ეყოლებათ სალომე ზურაბიშვილი ლიდერი, დაუკვეთენ, ახლა ჰყავთ გვარამია, დაუკვეთენ, ეყოლებათ სააკაშვილი და ა.შ. ამიტომაც გვაქვს მათ გარე პატრონებთან პოლემიკა და საუბარი. ამათ აღარაფრად აღარ ვთვლით და არც უნდა ჩათვალოს საზოგადოებამ.
ისინი არიან მარტო სახელებით, გვარებით და პასპორტით ქართველი ადამიანები, დანარჩენი არაფერი სცხიათ ამ ქვეყნისა იმდენად დეგრადირდნენ. როგორი ჩასაფრებული არიან. როგორ შეიძლება ეს ადამიანები იყვნენ ამ ქვეყნის პატრიოტები. რადგან ერთხელ ხელი მოაწერეს უკვე დაკვეთას ასრულებენ და ეს დაკვეთა იმაში მდგომარეობს, რომ აბსოლუტურად სხვა რამ უნდა მოხდეს საქართველოში. მნიშვნელოვანია, რომ ინფორმირებული მოქალაქე არის ამ ქვეყნის უსაფრთხოების დამცველი“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, არ არსებობს არც ერთი ჩატარებული არჩევნები, რომელიც რადიკალურ ოპოზიციას ეღიარებინა.
„რას ნიშნავს სამოქალაქო საზოგადოება - ეს კასტა, რომელიც ზემოდან უყურებს მთელ საზოგადოებას. ყველა ჩვენგანი ვართ საზოგადოება და ესენი განსაკუთრებული არიან - სამოქალაქო საზოგადოება. პროფესია აქვთ სამოქალაქო აქტივისტი. რას ნიშნავს სამოქალაქო აქტივისტი? რას ნიშნავს? ვინ ხარ? რა გაგიკეთებია? რას წარმოადგენ, რომ შენ ასეთი გონორით ესაუბრებოდე შენს მოქალაქეებს, შენს ხელისუფლებას, პარლამენტის წევრებს?! ეს როგორ შეიძლება.
ჩვენ ხომ ვიცით აკერმანის წინასწარ შედგენილი გეგმებია, რომ ეს ხალხი გადმოდის ხელისუფლებაში, როგორც ვარდების რევოლუციის შემდეგ ეს ბოკერიები და უგულავები პირდაპირ გახდნენ ხელისუფლების წევრები და რა დამართეს ქვეყანას. იმის გამოძახილია, რომ ეს საცეცები კიდევ, რომ ვერ მოვიცილეთ.
ნაბიჯი, რომელიც ახლა გადაიდგა პოლარიზაციის დასრულებასთან დაკავშირებით, ჩვენ ვესაუბრებით საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც შესაძლოა, არ მოსწონს ხელისუფლება, მაგრამ ამ ქვეყნის პატრიოტია და ვცდილობთ, რომ მათგან, განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად, ერთმანეთს პატივი ვცეთ და საზოგადოებას ვცეთ პატივი, ჩვენი აზრები მივაწოდოთ მათ და ეს პროცესი არ შეჩერდება“ - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.