Loading data...
მიხეილ ყაველაშვილი: „ნაცმოძრაობის“ დროს ფეხბურთის სკოლები და სტადიონები გაყიდეს, ბავშვების სიარული ფეხბურთზე 45 000-დან 12 000-მდე დაეცა, „ქართული ოცნების“ დროს კი ისევ ავიდა 30 000-მდე

„ნაცმოძრაობის“ რეჟიმისას გაყიდეს ფეხბურთის სტადიონები და სკოლები - 35-ე სკოლა, „ნორჩი დინამოს სკოლა“ და ა.შ. ამიტომ, მათ რა უნდა თქვან, საერთოდ. უფრო მეტიც, სპორტთან დაკავშირებით, რომან გოცირიძიდან დაწყებული, ზურაბ ჯაფარიძით გაგრძელებული და სხვა პოლიტიკოსები პირდაპირ გვეუბნებოდნენ, რაში ხარჯავთ ამ ფულსო“, - ამის შესახებ მედიასთან პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

მიხეილ ყაველაშვილმა გაიხსენა, თუ რა ხდებოდა „ნაცმოძრაობის“ დროს სპორტის მიმართულებით და რა კეთდება დღეს, „ქართული ოცნების“ მმართველობისას.

„ბევრი გაკეთდა სპორტისთვის „ქართული ოცნების“ დროს და უფრო მეტი გაკეთდება - მიზანმიმართულად და თანმიმდევრულად. იმ ნიშნულამდე უკვე მისული ვართ, რომ ვიცით, რა არის საჭირო იმისთვის, საქართველოში რომ საერთაშორისო დონის ფეხბურთელი აღიზარდოს. ახლა ვაგვარებთ იმას, რომ ყველა რეგიონში იყოს სპორტული ინფრასტრუქტურა. ეს საჭიროა იმ ფონზე, რომ სპორტში ყველა მიმართულებით ნიჭიერი ერი ვართ. მმართველი ხელისუფლება თუ ყურადღებას არ აქცევს ასეთ რამეს, გამარჯვებები თავისით არ მოდის. ახლა რომ ჩაიცვა საქართველოს ნაკრების მაისური სააკაშვილმა და ისე გველაპარაკა „ვივამედიდან“, მისი განადგურებულია სწორედ ფეხბურთის სტადიონები. სტატისტიკაც არსებობს, რომ „ნაცმოძრაობის“ დროს ბავშვების სიარული ფეხბურთზე 45 000-დან 12 000-მდე დაეცა, დღეს კი ისევ ავიდა 30 000-მდე. ხვალ კიდევ უფრო მეტი ბუმი იქნება“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.