მიხეილ ყაველაშვილი: მჯერა ჩემი საზოგადოების, თუ სამართლიანად მიაწვდი სრულყოფილ ინფორმაციას, ყოველთვის დადგება სიმართლის და სამშობლოს მხარეს
ახალგაზრდებს უნდა ვასწავლოთ, რის გამო ხდებოდა პროტესტი საქართველოში, ამხელა ვნებათაღელვა, გამჭვირვალობაზეა საუბარი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ამ პროცესებმა ნათელი გახადა რამდენი ორგანიზაციაა დამოკიდებული გარე ძალებზე.
„პირველ დღეებში, როცა ეს ნაბიჯი გადავდგით, ჩვენს მომხრეებშიც გამოიწვია გაუგებრობა, რატომ ვიღებთ გამჭვირვალობის კანონს და რა საჭიროა ეს ვნებათაღელვა. ვხედავდით, ჩვენ ხომ გვქონდა ურთიერთობა ევროკავშირის ბიუროკრატიასთან, ამ ფონდების ხელმძღვანელებთან და უბრალოდ, როგორც პარტნიორები, მეგობრები ვთხოვდით, რომ ეს თქვენ მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას ჩადიან, პასუხისმგებლობა თქვენზეა და იქნებ გავარკვიოთ, რა ხდება. გახსოვთ მათი პასუხი, რეაგირება ნული, პირიქით, იყო ეს ყველაფერი. გვახსოვს, აღარ მოვყვები მოვლენებს, მაგრამ საკმაოდ რთული დღეები გადაიტანა მაშინ ჩვენმა ქვეყანამ, დედაქალაქმა, თითოეულმა ჩვენგანმა, თითოეული ჩვენგანი გამოიწრთო. ვიცოდით, რას ვაკეთებდით, რას ვიცავდით. ჩვენი გავიტანეთ ბოლომდე. ეს არის ტესტი. ხვალ, ზეგ, რამდენიმე წლის შემდეგ ახალგაზრდებს უნდა ვასწავლოთ, რის გამო ხდებოდა პროტესტი საქართველოში, ამხელა ვნებათაღელვა, გამჭვირვალობაზეა საუბარი. წარმოგიდგენიათ, ადამიანები თავს უფლებას აძლევდნენ, იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც ამხელა სიკეთე აქვთ საქართველოში განხორციელებული და კანონის ინიციირებას, გამჭვირვალობას ეწინააღმდეგებიან. იმდენად აბსურდში ჩავარდნენ, რომ ამის განხილვაზე იყო მთელი ეს ვნებათაღელვა. ეს საჩვენებელი იქნება, რა საზოგადოება უნდა გყავდეს შენ, როცა ნებისმიერი აქტი, მით უმეტეს საკანონმდებლო პარლამენტში, რა დაწერილი უნდა იყოს, რომ იმის წაკითხვაც ვერ შეძლო. რა შიში უნდა გქონდეს, თუ შენ თავისუფალი, ჯანსაღად მოაზროვნე, სამართლიანი ადამიანი ხარ. აქ საუბარია, მე არ მომწონს, მაგრამ უნდა წავიკითხო და თქვენთან უნდა შემოვიდე პოლემიკაში, უნდა გითხრათ, რომ ეს კანონი ამიტომ და ამიტომ არის მიუღებელია, ამიტომ და ამიტომ არ მომწონს ეს მუხლი. ამ აბსურდზე მაქვს საუბარი. დღესაც კი, ზოგს რცხვენია, მაგრამ დღესაც ხშირად აჩვენებენ, რომ არა, არ გავბედოთ, არ შევიდეთ ამ პროცესში, რომ კანონი განვიხილოთ. პარლამენტში კანონის ინიციირებაზეა საუბარი, რაც ევალება პარლამენტარს, რომ განიხილოს, თავისი აზრი გამოთქვას და შემდეგ უთხრას საზოგადოებას, თავის მომხრეებს, რომ ამ კანონში ეს არის მიუღებელი, ამიტომ დამიდექით გვერდით და ამ ყველაფერს წინ აღვუდგეთ. ფიზიკურად გვებრძოდნენ, არასამთავრობოთა დიდი ნაწილი აღმოჩნდა უცებ მეორე დღეს. გვქონდა შეტყობინება აშშ-ის საელჩოდან, რომ არაფრის დიდებით არ მოვახდინოთ ინიციირება, რადგან ჩვენ ამ კანონს დავარქმევთ რუსულს, დავიწყებთ აქციებს. პირდაპირ გახდა ჩემთვის ნათელი, რამდენი ორგანიზაციაა დამოკიდებული ამ ძალებზე. ყველაფერი იკადრეს, რაც არაადამიანურია და საზოგადოებას თავისი სახე დაანახეს. ეს იყო ერთ-ერთი გამოცდა ჩვენი ქვეყნის, უფრო ძლიერები გავხდით“, – განაცხადა ყაველაშვილმა.
მისივე თქმით, თუ საზოგადოებას მიაწვდი სრულყოფილ ინფორმაციას, ყოველთვის დადგება სიმართლის მხარეს.
„ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი პირველი, ვინც ეს ნაბიჯი თამამად გადადგა, შემდეგ მოგვიწია რაღაც ეტაპზე უკან დახევა, ისევ ჩვენი მოქალაქეების გამო, რადგან იქ იყო ბევრი ინფორმაცია მსხვერპლზე ოპოზიციის მხრიდან. იძულებული ვიყავით, რაღაცები სხვანაირად გაგვეკეთებინა, მაგრამ დავინახეთ მთლიანად სურათი, ეს ხალხი ვისზე და რაზეა დამოკიდებული. ეს პროცესი უნდა გაგრძელებულიყო. გაგრძელდა კიდევაც, მილევად რეჟიმშია. მჯერა ჩემი საზოგადოების, თუ სამართლიანად მიაწვდი სრულყოფილ ინფორმაციას, ყოველთვის დადგება სიმართლის და სამშობლოს მხარეს. ასეც მოხდა და ეს არის იმის გამოძახილი, რომ დღეს ვეღარავინ ვეღარ ბედავს ამის გაპროტესტებას. იმაზე უფრო მკაცრი კანონი მიიღო პარლამენტმა. ხომ მარტივი იყო ჩემთვის შეფასებისთვის, ეს ადამიანები ვისზე იყვნენ დამოკიდებულნი და ეს დღესაც გრძელდება. ეს ადამიანები არიან მძევლები ამ ძალის, მაგრამ სახელმწიფო ვერ დაელოდება მათ გამოსწორებას და შეგნებას, ვისაც აქვს ამის სურვილი, გულწრფელია და უყვარს თავის სამშობლო, ამაზე ანალიზს გააკეთებს, თუ მართლა გულწრფელია, პატრიოტია და უყვარს თავის სამშობლო, სხვანაირად შეხედავს და სხვანაირად დაიწყებს ცხოვრებას. ეს არ გულისხმობს, გინდა თუ არა ხელისუფლება შეიყვარე და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი გახდი და ა.შ. მაგრამ შენ რომ ამით პოზიციონირებ, რომ იღუპება ჩვენი ქვეყანა, ყველაფერს რუსულს არქმევდნენ და დაინახე რომ ეს იყო საპნის ბუშტი, პირიქით იყო ყველაფერი, მოგატყუეს, გაგიყვანეს გარეთ, გქონდა აგრესია შენი ხელისუფლების მიმართ და ეს ყველაფერი იყო სიცრუე, ვინც შენ ეს ყველაფერი თავზე მოგახვია, დღეს ხომ უნდა გაბედო. ყველა ადამიანი ინდივიდუალურად ვაკეთებთ არჩევანს, თუ ამას შენ თვითონ ვერ გაბედავ, სახელმწიფო ვერ დაგელოდება. სახელმწიფოს თავის როლი აქვს, თავისი გზა აქვს. ვიმეორებ, ჩვენ გამოცდილება შევიძინეთ, გავძლიერდით და დღეს უკვე დღის წესრიგში სხვა საკითხები დგას, რომელსაც ეს ადამიანები ვერც მისდევენ, ვერც აცნობიერებენ, ვერც ანალიზს აკეთებენ. ისევ რუსულ კანონში არიან ჩარჩენილი და დღეს გამოწვევები სხვა აქვს ჩვენს ხელისუფლებას და ჩვენს საზოგადოებას. საბედნიეროდ, დაიწყო ამაზე უკვე მსჯელობა სხვადასხვა ტელევიზიაში“, – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.