Loading data...
მიხეილ ყაველაშვილი: ხომ გახსოვთ შაჰინმა რა თქვა - ჩვენ ვაიძულეთ სააკაშვილს რომ გადამდგარიყოო, თორემ ის იჯდა და ფიქრობდა, როგორ ჩაეხშო სისხლში ოპოზიციის მაშინდელი გამარჯვება. 7 ნოემბრის შემდეგ მათ გონებაში არაფერი შეცვლილა

„ეს ის ძალაა, რომელიც ჩადიოდა დანაშაულს, არეკეტებდა ბიზნესს, ართმევდა ადამიანებს სიცოცხლეს, წაართვეს ბიზნესი, ტელევიზიებში იჭრებოდნენ ძალადობით. ეს ფაქტებია. ამ ყველაფრის სათავეში ვინც იყო, ყოფილი პრეზიდენტი, ბატონი სააკაშვილი ვხედავთ, რომ არ იცვლებამ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა. 

პრეზიდენტი გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის Facebook-პოსტს, სადაც ის წერს, რომ „არანაირი ერთი საქართველო აღარ არსებობს“.

„რა განცხადებებს აკეთებს, იგივე დამოკიდებულებით საუბრობს. მას ძალაუფლება არ გააჩნია, თორემ დღეს უარესს გააკეთებდა. როგორ გაყო, წითელი ხაზი გაუსვა და პირდაპირ განაცხადა, რომ ამ ადამიანებთან ჩვენ საერთო ვერ გვექნებაო. ანუ, ის იგივე გზას აგრძელებს. პირდაპირ ანადგურებდნენ ოჯახებს და ეს დამოკიდებულება არ შეცვლილა. ნაცვლად იმისა, რომ ამდენი ხნის განმავლობაში რაიმე გაეაზრებინა, ბოდიში მოეხადა იმ ოჯახებისთვის, რომლის წევრებიც ქუჩაში ჩაცხრილეს, ეს ადამიანი არ იცვლება. პირდაპირი მნიშვნელობით ფაშისტები არიან, როცა ასეთი ნიშნით ყოფ ადამიანებს და მოუწოდებ, რომ მათთან ერთად ცხოვრება შეუძლებელია.

7 ნოემბრის შემდეგ მათ გონებაში არაფერი შეცვლილა, სინანულსაც კი გამოთქვამენ, რომ ბოლომდე როგორ არ მიიყვანეს ეს და არ ჩახოცეს ოპოზიცია და ყველა ვინც მათ წინააღმდეგ იყო. ხომ გახსოვთ შაჰინმა რა თქვა - ჩვენ ვაიძულეთ სააკაშვილს რომ გადამდგარიყოო. ის იჯდა და ფიქრობდა, როგორ ჩაეხშო სისხლში მაშინდელი გამარჯვება ოპოზიციის“, - აღნიშნა ყაველაშვილმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი, სოციალურ ქსელში წერს:

„არანაირი ერთი საქართველო აღარ არსებობს. არის ორი ცივილიზაციურად გაყოფილი საქართველო“.

სააკაშვილი აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილმა საბოლოოდ ჩამოაყალიბა „მეორე საქართველო”, რომლის მკვიდრებსაც, ის „მუქთახორებს, ბირჟავიკებს, ბოღმიანებს, მშიშრებს,“ უწოდებს და აცხადებს, რომ ამ ეტაპზე მათთან „პირველი კატეგორიის” ქართველების შერიგება ვერ მოხდება, რადგან, ანთროპოლოგიურადაც კი განსხვავდებიან ერთმანეთისგან.