მიხეილ ყაველაშვილი: „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობით ჩვენ ვამხილეთ, რომ რუსეთმა მოახდინა საქართველოს ორი ტერიტორიის ოკუპაცია და ჩაიდინა სამხედრო დანაშაული
საქართველო მორალურად და სამართლებრივად მართალია რუსეთთან, ვამხილეთ, რომ რუსეთი არის ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციის განმახორციელებელი, მან ჩაიდინა დანაშაული ჩვენ წინაშე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მაშინდელმა ხელისუფლებამ, რომელსაც ხალხის წინაშე პასუხისმგებლობა ჰქონდა, უგუნური ქმედება ჩაიდინა.
„ვინ დაიწყო ომი, რატომ სვამენ ამ კითხვას. სამი დღის წინ ახსნა-განმარტება გავაკეთეთ მეც, პარლამენტის თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა, დეტალებით, ფაქტებით აღვნიშნეთ, რომ ყველა ინსტანციაში, საერთაშორისო ინსტიტუტებში, ჰააგაში, სტრასბურგში ჩვენ გვქონდა დავა რუსეთთან და ყველგან გაიმარჯვა ქართულმა სახელმწიფომ „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობით. ჩვენ ვამხილეთ, რომ რუსეთი არის ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციის განმახორციელებელი, მან ჩაიდინა დანაშაული ჩვენ წინაშე, ეს არის აღიარებული ფაქტი, მოცემულობა, რეალობა. საერთაშორისო სამართლის ნორმებით ყველასთვის ცნობილია, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ არის ოკუპირებული ჩვენი ორი ტერიტორია და მათ ჩაიდინეს დანაშაული, საქართველო მორალურად და სამართლებრივად მართალია რუსეთთან.
იცით, როგორ უნდათ, დააყენონ საკითხი? ჩვენ თითქოს რუსეთის ინტერესებს ვიცავთ და რუსი ხალხის ინტერესებზე ვსაუბრობთ. მაშინ ჩვენ გვყავდა ხელისუფლება, რომელსაც ჰქონდა პასუხისმგებლობა საკუთარი ხალხის წინაშე და მათ ჩაიდინეს უგუნური ქმედება. ეს საკითხები რომ არ დაისვას და ხალხმა არ გაიგოს სიმართლე, ამიტომ შემოაქვთ ეს თემა, აი, ომი რუსეთმა დაიწყო, თუ საქართველომ დაიწყო. ეს არის უბედურება, არ უნდათ, ქართველმა ხალხმა იცოდეს სრული სიმართლე, თუ რა ჩაიდინა მაშინდელმა ხელისუფლებამ. დღევანდელ ხელისუფლებას უფრო მეტი მორალური უფლება გვაქვს, რომ გამოვაცხადოთ მობილიზაცია, შევკრათ ჩვენი ბევრად ძლიერი ჯარი და დავიწყოთ ჩვენი ტერიტორიების დაბრუნება. ჩვენ მართლები ვართ, მორალური უფლება გვაქვს, მაგრამ რა არის რეალობა, ამას რა შეიძლება, მოჰყვეს, ამის გააზრება როცა არ შეგიძლია, ან იცი და დავალებას ასრულებ. ჩვენს ტერიტორიაზე ომს ჩვენვე როგორ დავიწყებდით? – თვითონვე სცემენ პასუხს, სააკაშვილმა უარესი გააკეთა, ვციტირებ: „დიახ, მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ აღმედგინა კონსტიტუციური წესრიგი და შევსულიყავი ცხინვალში“. რეზოლუციაში რა წერია, რომ ფართომასშტაბიანი სამხედრო, საომარი მოქმედებები დაიწყო ქართულმა მხარემ, სააკაშვილის ხელისუფლებამ და ამაზე თავად მოაწერეს ხელი. ეს განახორციელა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და ხელი მოაწერა ამას, რომ მათ დაიწყეს ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები ცხინვალის რეგიონში, რასაც საპასუხო რეაქცია მოჰყვა რუსეთის ფედერაციის მხრიდან. ამას მოაწერა ხელი „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ეს არის ფაქტი, ამას ვერ გაექცევით“, – განაცხადა ყაველაშვილმა.