მიხეილ ყაველაშვილი – გილოცავთ დიდგორობას, ჩვენი ეროვნული ღირსების, მხედრული სულისა და სახელმწიფოებრივი სიძლიერის უდიდეს დღესასწაულს
„დიდგორი ჩვენს მეხსიერებაში არ არის მხოლოდ ერთ-ერთი დიადი სამხედრო გამარჯვება“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა დიდგორობის დღესასწაულთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, 1121 წლის 12 აგვისტო გახლავთ ხანგრძლივი მზადების, უბადლო გონიერებისა და რკინისებური დისციპლინის ლოგიკური დაგვირგვინება.
„დიდგორი არ ყოფილა შემთხვევითობა; ეს იყო შორსმჭვრეტელი დაგეგმარებისა და სახელმწიფოებრივი სიბრძნის შედეგი, რომელსაც საფუძველი წლებით ადრე ჩაეყარა. დიდგორი უპირველესად არის საკუთარი თავისა და ხასიათის სისუსტეების დაძლევა. ეს არის სამაგალითო ნიმუში იმისა, თუ როგორ უნდა წარმართოს ღირსეულმა სახელმწიფომ პოლიტიკა და საზოგადოებრივი ცხოვრება ისე, რომ ერმა აჯობოს საკუთარ თავს და მიაღწიოს ისტორიულ გამარჯვებებს.
დღესაც, 21-ე საუკუნეში, ჩვენ სწორედ ეს გზა გვაქვს გასავლელი. გზა, რომელიც მოითხოვს მუდმივ სიფხიზლეს, შინაგან სიმტკიცესა და პრაგმატულ აზროვნებას, რათა საქართველო საბოლოოდ გამთლიანდეს, გახდეს ძლიერი და ჭეშმარიტად სუვერენული!
ისტორია გვასწავლის, რომ დიდი გამარჯვების მისაღწევად აუცილებელია სტრატეგიული მოთმინება, მომავლის ურყევი რწმენა და მუდმივი მზადყოფნა. სიბრძნე და სიფხიზლე — ეს უნდა გახდეს ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესი და სწორედ ამ წესის შესაბამისად უნდა შეიქმნას, დაიგეგმოს და დაინერგოს თითოეული სახელმწიფო რეფორმა.
დიდგორამდე სხვანაირად ვერ მივალთ! ჩვენ გვჭირდება ყოველდღიურად ბრძოლა, დაუღალავი შრომა და საკუთარი თავის გამოწრთობა. სულიერი თუ მატერიალური საზრდო არა მხოლოდ შედეგების მიღწევაში, არამედ ყოველდღიური ბრძოლისა და მუდმივი განვითარების პროცესში უნდა ვეძიოთ. როგორც დიდმა ილიამ დაგვიტოვა ანდერძად: „მოძრაობა და მარტო მოძრაობა არის, ჩემო თერგო, ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მიმცემი!“
დღეს, ამ წმინდა მიწაზე დგომით, ქედს ვიხრით დიდგორის შემოქმედის, წმინდა მეფე დავით IV-ე აღმაშენებლისა და იმ გმირი წინაპრების ხსოვნის წინაშე, რომლებმაც საკუთარი სისხლით მოიპოვეს ძლევაი საკვირველი. მჯერა, რომ ჩვენი ერთიანობით, სტრატეგიული სიბრძნითა და შრომით, საქართველო აუცილებლად მიაღწევს თავის დიდგორს, გაერთიანებულ, მშვიდობიან და ძლიერ საქართველოს! ღმერთმა დალოცოს ჩვენი სამშობლო“, – განაცხადა ყაველაშვილმა.