მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენი გაცხადებული სამშვიდობო პოლიტიკაა, რომ გვინდა ოს და აფხაზ დებთან და ძმებთან ერთად ერთიან საქართველოში ცხოვრება და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს პროცესი შედგეს
ჩვენი გაცხადებული სამშვიდობო პოლიტიკაა, როგორც საერთაშორისო დონეზე, ისევე ჩვენს დებთან და ძმებთან მიმართებით, გულწრფელი, გულღია, რომ ჩვენ გვინდა ერთად ერთიან საქართველოში ცხოვრება და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს პროცესი შედგეს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველო აუცილებლად გაერთიანდება.
„დღეს ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია, მაგრამ განსხვავებული რეალობა გვაქვს - ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა. ორ რეგიონში, რომელზეც მუდმივად ვპოზიციონირებთ, ცხოვრობენ ჩვენი ოსი და აფხაზი დები და ძმები. ჩვენი გაცხადებული სამშვიდობო პოლიტიკაა, როგორც საერთაშორისო დონეზე, ისევე ჩვენს დებთან და ძმებთან მიმართებით, გულწრფელი, გულღია, რომ ჩვენ გვინდა ერთად ერთიან საქართველოში ცხოვრება და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს პროცესი შედგეს. მგონი, ამას საქმითაც ვამტკიცებთ. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს საერთო ისტორია, ბევრი წელია, ერთად მოვდივართ და იმედს ვიქონიებ, რომ ადრე თუ გვიან ეს აქტი აუცილებლად შედგება, საქართველო გაერთიანდება“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.