მიხეილ ყაველაშვილი: აშშ-სთან ღირებულებითი თანხვედრის აფიშირება საკმაოდ დიდი ხნის წინ დავიწყეთ, ჩვენს საზოგადოებასთან ერთად და მყარად ვდგავართ ამ ღირებულებებზე და ამასვე მოვუწოდებდით ქვეყნებს

„აშშ-სთან ღირებულებითი თანხვედრის აფიშირება საკმაოდ დიდი ხნის წინ დავიწყეთ, ჩვენს საზოგადოებასთან ერთად და მყარად ვდგავართ ამ ღირებულებებზე და ამასვე მოვუწოდებდით ქვეყნებს. არიან რიგი ქვეყნები, რომლებიც, ასევე, მყარად იცავენ ამ ღირებულებებს და იყო წინასაარჩევნო კამპანიის დროს ტრამპის გზავნილებიც, რომ ამ ღირებულებით ის მოვიდოდა ხელისუფლებაში და იქნებოდა მათი დამცველი“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობებზე საუბრისას.
„ყველა ქვეყანას თავისი ინტერესები აქვს, ჩვენ გვაქვს ჩვენი ინტერესები. არსებობს რეგიონი, არსებობს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა. სულ ახლახან ტრამპმა განაცხადა, რომ ბაიდენი არ მართავდა ქვეყანას და გამოძიების დაწყებასაც აპირებდნენ, თუ ვინ ერეოდა ბაიდენის ადმინისტრაციაში და ვინ იღებდა გადაწყვეტილებას.
გახსოვთ NED - თან და USAID - თან დაკავშირებით ჩვენი დამოკიდებულება. მათ მოვუწოდებდით რომ ყოფილიყო ღია. თუ ჩვენი პარტნიორები ბრძანდებით, მოდით ღია იყოს ეს დაფინანსების წყარო და შეიძლება, ჩვენ ამ ყველაფრის ხელშემწყობიც ვყოფილიყავით. დავინახეთ, რომ ამ ცვლილების შემდეგ თავად არსებულმა ადმინისტრაციამ როგორი ზეწოლა განახორციელა და მთელი მსოფლიოს თვალწინ გააშიშვლა ეს ორგანიზაციები.
ჩვენ უდიდესი გამოცდილება შევიძინეთ ამ ყველაფერში. ჩვენ მზად ვართ ამ გადატვირთვისთვის, მაგრამ გამოჩნდა, რომ ჯერჯერობით ადმინისტრაცია არ არის ამისთვის მზად. ჩვენ გაგებით ვეკიდებით იმ გამოწვევების ფონზე, როცა სხვა უფრო გამოწვევადი საკითხები დგას, ვერ მოსთხოვ, რომ საქართველოს საკითხით დაინტერესდნენ.
დაველოდებით და ჩვენ ვიქნებით გულწრფელი საკუთარ საზოგადოებასთან და ასევე, აშშ-სთან, რომ თუ ღირებულებითი თანხვედრა გვაქვს, მაშინ საკითხები, რომელზეც შეიძლება თანხვედრა მოხდეს, პოლიტიკური დიპლომატია ჩაერთოს ამ ყველაფერში, არ უნდა იმართებოდეს ენჯეო სექტორებით“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.