Loading data...
მიხეილ ყაველაშვილი: 4 ოქტომბერი არის საჩვენებელი მაგალითი ჩვენი საზოგადოებისთვის, როგორ ხორციელდებოდა პროცესი, ანტიკონსტიტუციურ, ანტიეროვნულ, ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვხედავდით

4 ოქტომბერი არის საჩვენებელი მაგალითი ჩვენი საზოგადოებისთვის, როგორ ხორციელდებოდა პროცესი. ანტიკონსტიტუციურ, ანტიეროვნულ, ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვხედავდით, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, 4 ოქტომბერს სახელმწიფომ გამოავლინა სიძლიერე, სამართალდამცავმა ორგანოებმა და უსაფრთხოების სამსახურებმა მაღალ დონეზე იმუშავეს.

„ხშირ შემთხვევაში, ჩვენთვის კი იყო საქილიკო, მაგრამ ხომ ვნახეთ, რომ ადამიანებს სჯეროდათ ამ სიგიჟის, რასაც ჰპირდებოდა ის ჯგუფი, რომელიც ხელისუფლებას ემუქრებოდა პირდაპირ დამხობით, რომ დაამხობდა ერთ დღეში, დილით დაიწყებდა და საღამოს დაამთავრებდა. ამ ყველაფერს წინა დღეების განმავლობაში ახორციელებდა, აცნობდა თავის მომხრეებს. საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც იმ დღეს გამოვიდა და მოლოდინის რეჟიმში იყო, ის საზოგადოებაა, რომელიც დღეს გაჩუმებულია, მაგრამ ალბათ კითხვებს სვამს. შემდეგ დაიწყო პოლემიკა, თუ არ შეგეძლოთ, რა იყო ეს ყველაფერიო, ასე ვთქვათ, დაერივნენ ერთმანეთს, ბრჭყალებში ვიტყვი ამ პროცესებთან დაკავშირებით. ეს ხომ არის საჩვენებელი მაგალითი? სახელმწიფო, რა თქმა უნდა, ძლიერი იყო ამ ყველაფრის საპასუხოდ, ყველაფერი გაკეთდა, ჩვენმა სამართალდამცავმა ორგანოებმა, უსაფრთხოების სამსახურებმა მაღალ დონეზე იმუშავეს, ეს ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა, მაგრამ იმ ხალხზე მაქვს საუბარი, რომელიც ამათ დაძახებულზე გამოვიდა. რამდენი ხანი ამზადებდნენ, რომ უნდა დაემხოთ ხელისუფლება და ამათ დაძახებაზე გამოვიდნენ, სეირის საყურებლად, მხარდასაჭერად, თუ ჰქონდათ იმედი, რომ რაღაც მოხდებოდა და ისინიც მონაწილე გახდებოდნენ. ჩვენდა სამწუხაროდ, ეს საზოგადოებაა საშიში მომავლისთვის, რომ ასეთი ძალები არ დაეყრდნოს ამგვარ საზოგადოებას. ჩვენდა საბედნიეროდ, ძალიან მცირე ნაწილია, მაგრამ გვაქვს გამოცდილება, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, როცა არ იყო ძლიერი ხელისუფალი და სახელმწიფო, ეს ყველაფერი მოხდა. სამოქალაქო ომია, როცა რევოლუციისკენ და დამხობისკენ მოუწოდებ, იქ ხომ გარდაუვალია, რომ მსგავსი რამ მოხდება და შემდეგ ვინ გაარჩევს, აქეთ ვინ არის და იქით ვინ არის? ხომ ვნახეთ ეს ყველაფერი ჩვენმა საზოგადოებამ? დღემდე ყველა დამნაშავე ვართ და დღემდე ვერ გამოვისყიდეთ ეს ცოდვები. შემდეგ გაგრძელდა კიდევ ომები ჩვენს რეგიონებში, ხომ? ამას ზოგი არასერიოზულად უყურებს, ზოგი რაღაც რწმენის საფუძველზე ახერხებს, ეს ყველაფერი დაიჯეროს, გამოვიდეს და განახორციელოს. თავად აღნიშნეთ, რომ მე ყველას პრეზიდენტი უნდა ვიყო, მაგრამ ძალიან მიჭირს, ამგვარად მოაზროვნე ადამიანების მიმართ რაღაც განცდა მქონდეს. ეს ყოველთვის ხდებოდა და ჩვენდა სამწუხაროდ, ჩვენთანაც მოხდა, მაგრამ საშიშია“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, არის მოცემულობა, როცა არსებობს მოქმედი ხელისუფლება, წარმოუდგენელია მისი დამარცხება არჩევნებში და ერთადერთი, რაც უნდა განახორციელონ, მხოლოდ და მხოლოდ ძალადობრივი აქტია.

„მათთვის სხვა საშუალება არ არსებობს და გარედანაც ამ ყველაფერს აქვს მხარდაჭერა, მაგრამ ვნახეთ, რომ ეს ყველაფერი შეუმდგარია, ვერ მოხერხდება. ძლიერია ჩვენი სახელმწიფო, ძლიერი გახდა ჩვენი საზოგადოება და ამგვარი რაღაცის აღარ სჯერა. მით უმეტეს, 4 ოქტომბრის შემდეგ კიდევ კარგად დაინახეს მათი სახე – თან სასაცილო, თან უვიცი. არ ვიცი, როგორ შეეძლო ვინმეს, დაეჯერებინა და გაჰყოლოდა ამ ბრძოლაში. არც შეუძლიათ ამის გაკეთება, არც შესაძლებლობა აქვთ, არც გონიერება, არც არაფერი გააჩნდათ და საზოგადოება გამოვიდა მაინც, სეირის და რაღაც მხარდაჭერის მიზნით, იქნებ, რამე მომხდარიყო. ეს საზოგადოება დღეს ცაიტნოტშია და ვერ გაურკვევია, მართლა რუსულია? უი, არ ყოფილა რუსული, არის რუსული, არაა რუსული. ჩვენი პარტნიორები თუ არიან და მხარს გვიჭერენ, რატომ დაიწყეს ახლა საუბარი მაგალითად, საფრანგეთმა და გერმანიამ, რომ რუსეთთან დასალაგებელი აქვთ სიტუაცია? ეს ის ქვეყნები არ არიან, ჩვენ რომ მოგვიწოდებდნენ რუსეთისთვის სანქციების დაწესებას? რით უნდა შევაფასოთ ეს ხალხი, ამ კითხვებს ხომ ისინი ვერ სვამენ? ვერ უბედავენ მათ პატრონებს ამ კითხვის დასმას. აშშ-თან მიმართებით ხომ ვნახეთ ამერიკის და ევროპის ურთიერთობები, შეფასებები და რა წერია პირდაპირ სტრატეგიაში? ეს იგივეა, ჩვენ სამართლიანად და გულწრფელად პასუხსაც ვცემდით ბიუროკრატიას, რომ ეს არ არის ევროპა, არ არის სამართლიანი დამოკიდებულება, რასაც თქვენ ჩვენ მიმართ ახორციელებთ. რა თქმა უნდა, ჩემთვის სასიამოვნო იყო, რომ ასეთი გულწრფელი, ემოციური მხარდაჭერა გამოხატა ხორვატიის პრეზიდენტმა. ის განცვიფრებული იყო, რადგან მიუღებელია, როცა, სხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი იქნება ეს, თუ პარლამენტის წევრი, ჩამოდის, არჩევნებში ამა თუ იმ მხარეს დგება და პირდაპირ მოუწოდებს ხელისუფლების დამხობისკენ. პირდაპირ განცვიფრებული იყო, ეს როგორ გაბედეს და როგორ გააბედინეთო, ჩვენზე ჰქონდა აქცენტი, მაგრამ ჩვენ მოთმინებით ვპასუხობთ და ვძლიერდებით“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.