მეუფე იაკობი: უწმინდესმა ძლიერი სინოდი დაგვიტოვა, იქნება სამი კანდიდატი და მათგან ერთს ავირჩევთ და საბოლოო გადაწყვეტილებას წმინდა სინოდი მიიღებს
მომავალი პატრიარქის არჩევის პროცესი მშვიდ გარემოში წარიმართება და საბოლოო გადაწყვეტილებას წმინდა სინოდი მიიღებს, - ამის შესახებ ქადაგებისას ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა განაცხადა.
მისი თქმით, ნებისმიერი, ვისაც სინოდი აირჩევს, ღირსეული პატრიარქი იქნება.
„დღეს არის ვნებათაღელვა, ვინ იქნება მომავალი პატრიარქი, გეტყვით, იქნება ის, ვისაც სინოდი, რა თქმა უნდა, გამოარჩევს. ბევრი ჩამოყალიბებულია იმაზე, თუ ვინ უნდა იყოს და ეს არის სულიწმიდის გადასაწყვეტი. ამ საქმეში არავინ უნდა ჩაერიოს. ეს გარედან მკითხაობა ზედმეტია. ვისაც მივცემთ ხმას, აუცილებლად იქნება ის. ნებისმიერი იქნება ღირსეული პატრიარქი. ბევრნი ვიყავით და 39 ეპისკოპოსი დავრჩით სინოდში, უნდა შევძლოთ, რომ ერთობა და ერთსულოვნება გვქონდეს. ვემსახუროთ ღმერთს. უწმინდესმა ძლიერი სინოდი დაგვიტოვა.
ნახავთ, რომ ყველანაირ ქარტეხილსაც გადავივლით, არავის არ ჩავრევთ შიგნით. ვინც ჩაერევა, იმპერიებს რა მოუვიდათ, ჩვენთან რომ ერეოდნენ, იმათაც იგივე მოუვათ, შინ თუ გარეთ. კონკრეტულად არავის ვგულისხმობ, თუმცა ეს სამკითხაო არ არის და სამღვდელოებასაც ვთხოვ, ნუ ამატებენ ზედმეტ ვნებათაღელვას. დაგვაცადონ და მივიღებთ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ყველას გაახარებს.
გარეთ ნუ ღელავთ, ყველაფერი მშვიდობიანად იქნება. იქნება სამი კანდიდატი, სამ ღირსეულ კანდიდატს გამოვარჩევთ და მათგან ერთს ავირჩევთ. ვისაც არ ავირჩევთ, ისინიც ღირსეულები იქნებიან. ჩვენი პატრიარქის შემდეგ, პატრიარქობა რთული იქნება. დაპირისპირებაც არ იქნება. გაიმარჯვებს საქართველო, გაიმარჯვებს დედა ეკლესია“, - აცხადებს მეუფე იაკობი.