მდინარაძე ოპოზიციის ბრალდებებზე: იმის აღქმა, რომ არჩევნები გაყალბდა მათ მომხრეებსაც კი არ აქვთ
„ოპოზიციის ბრალდებები არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით იმდენად არარეალურია, რომ მათ მომხრეებსაც კი აღარ აქვთ ამის აღქმა“, - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, შეიძლება დააბრალო 2% გაყალბება, რაც ელექტრონული არჩევნების პირობებში შეუძლებელია, თუმცა თეორიულად ზოგიერთმა ადამიანმა შეიძლება დაიჯეროს, მაგრამ როდესაც საუბარი 10%, 15% და 20% გაყალბების დაბრალებაზე მიდის, ხალხი ამას არ იჯერებს.
„ხალხი იმდენად არ იჯერებს, რომ ამან მუხტი, რა თქმა უნდა, დასწია. 2020 წელს მათ აბსოლუტურად სხვა მუხტი ჰქონდათ და მათ მომხრეებს თუნდაც, ახლა მე მათ მომხრეებთან დაკავშირებითაც შემიძლია გითხრათ, რომ ასეთი განწყობა და აღქმა მათ მომხრეებშიც კი არ არის, რომ არჩევნები გაყალბდა, ამიტომ ისინი ერთგვარად თავის პატრონებს თავს მოაწონებენ, რომ ჩვენ ყველაფერი ვცადეთ და ეს არგუმენტი გამოადგებათ პარლამენტის წევრობაზე უარის არ თქმაში. მათ ხომ ძალიან არ უნდათ პარლამენტის მანდატების დატოვება, იმდენად არ უნდათ, რომ წინასწარ უდროო დროს, არაკანონიერ დროს, ასე დავარქვათ, დაწერეს განცხადებები, რომ მერე როცა დრო იქნება და კანონი ამას ითვალისწინებს, მაშინ არ მოუწიოთ დაწერა და თავის პატრონებთანაც იმართლებენ თავს“, - აცხადებს მდინარაძე.
მდინარაძემ ხუმრობით აღნიშნა, რომ მათ სიტყვა „მონაც“ კი გაცვითეს.
„დღეს ვხუმრობდით, სხვათა შორის, მონას რომ გავიგონებთ კანონების დასაწერად გავრბივართ თქო, იმდენ მონას იძახიან. ყველა სიტყვა გაცვითეს, საკუთარი თავის აღმნიშვნელი სიტყვები იმდენი ეძახეს სხვას, რომ გაცვითეს ყველანაირი სიტყვა და აი, ამ სისულელეებში ატარებენ წლებს“, - აღნიშნა მდინარაძემ.
რაც შეეხება ოპოზიციის მომდევნო ქმედებებს, მდინარაძის თქმით, ისინი კვლავ შექმნიან რაღაც დერეფნებს, იყვირებენ-იწივლებენ, შეიძლება გარკვეული პროვოკაციებიც მოაწყონ, მაგრამ ამ დროს საქმე მაინც თავის გზას იპოვის, პრემიერიც იქნება არჩეული და მთავრობაც დამტკიცდება.
„ეს ქვეყანა განაგრძობს განვითარებას და ევროპული ოჯახისკენ სრულფასოვან სვლას და ესენი კიდევ იყვირებენ და კარგია, ესენი უნდა იყვნენ ქუჩაში, ესენი უნდა იყვნენ ამ აბსტრაქტული გეგმებით და ჩვენ უნდა გავაკეთოთ საქმე. ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა, ეს მათი პასუხისმგებლობაა, ოღონდ პატრონების წინაშე და ჩვენი პასუხისმგებლობაა ხალხის წინაშე და საკუთარი სამშობლოს წინაშე“, - დასძინა უმრავლესობის ლიდერმა.