მათიკაშვილი საარჩევნო კოდექსის ცვლილებებზე: თითქოს ვინმეს ერთმევა საარჩევნო უფლება, ეს არის მტკნარი სიცრუე, მათთვის მთავარი ამოსავალი წერტილი არის მანიპულირება და ტყუილების გავრცელება
პარლამენტის არჩევნების შემდეგ ყალიბდება მთავრობა და ხდება ნდობის გაცემა მასზე, ირჩევა პრეზიდენტი. ამიტომ ამ არჩევნებზე გადაწყვეტილების დამოუკიდებლად, ყოველგვარი ზეწოლის გარეშე მიღების შესაძლებლობა უნდა გაუჩინოს ყველას ახალმა საკანონმდებლო ცვლილებებმა, - ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა საარჩევნო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ნებისმიერ ქვეყანაში ნებსით თუ უნებლიედ, იქ მცხოვრები არარეზიდენტი მცხოვრები, მაინც იმ კონიუნქტურას ექვემდებარება ინფორმაციული თვალსაზრისით. იქ არსებული კონიუნქტურა ადამიანზე პირდაპირ თუ ირიბად გარკვეულ ეფექტს და ზეწოლას ახდენს.
„თითქოს ვინმეს ერთმევა საარჩევნო უფლება, ეს არის მტკნარი სიცრუე. მათთვის მთავარი ამოსავალი წერტილი არის მანიპულირება, ტყუილების გავრცელება საზოგადოებისთვის, მცდელობა ვიღაცის მოტყუების, თვალებში ნაცრის შეყრის, თითქოს კანონმდებლობა და ხელისუფლება რომელიმე ქართველს, თუნდაც საქართველოში არამცხოვრებს ართმევს საარჩევნო უფლებას“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.