Loading data...
მათიკაშვილი: რადიკალებს არჩევნებზე ნულოვანი შანსი აქვთ, საერთო კანდიდატებზეც კი ვერ შეთანხმდნენ, ერთადერთი, რაც აერთიანებთ, ქვეყნის სიძულვილია

„რადიკალებს თვითმმართველობის არჩევნებზე ნულოვანი შანსი აქვთ, საერთო კანდიდატებზეც კი ვერ შეთანხმდნენ, ერთადერთი, რაც აერთიანებთ, ქვეყნის სიძულვილია“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ არანაირი შანსი არ აქვს, რომ ქართველი ხალხის ნებას წინ აღუდგეს.

„რეალურად რადიკალებს აქვთ ნულოვანი შანსი თვითმმართველობის არჩევნებზე და ეს მათაც ძალიან კარგად იციან. იციან, რადგან ვერ შეთანხმდნენ საერთო კანდიდატებზე, „ქართული ოცნების“ კანდიდატებს რომ საპირწონედ დაუყენონ.

დღეს იკრიბებიან უცხოეთში, სურვილი აქვთ, რომ იმსჯელონ ამ საკითხებზე და ვინ? გიორგი გახარია, რომელიც გაქცევით და ღალატით არის ცნობილი ჩვენს ქვეყანაში, რომელიც წარმოადგენს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ერთ განშტოებას.

მეორე მხრივ, „ლელო“, თაღლითების და „ნაცმოძრაობასთან“ არსით დაკავშირებული პირების პარტია. შეგვიძლია ერთადერთი ვთქვათ, რაც აერთიანებთ ამ ძალებს არის საკუთარი ქვეყნის სიძულვილი.

2012 წლიდან დღემდე კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ მუდმივად ცდილობს საქართველოში არჩევნების დროს იმგვარ პროცესებში ჩაერთოს, რაც იქნება არალეგიტიმური და დაეხმარება, მათივე აზით ხელისუფლებაში არჩევნების გარეშე მოსვლას. ეს ყველაფერი დღემდე იყო აბსოლუტურად შეუძლებელი, ასე იქნება დღესაც და მომავალშიც. მათ არანაირი შანსი არ აქვთ, რომ წინ აღუდგნენ ქართველ ხალხს საკუთარი ნების გამოვლენისას.

ძალიან მარტივი მაგალითია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები, როდესაც, ამ დოზით დახმარების მიუხედავად, მათ ვერ მოახერხეს ქართველი ხალხის ნებაზე ზეწოლა. ჩვენმა საზოგადოებამ სწორედ ის გადაწყვეტილება მიიღო, რაც სჭირდება ჩვენ ქვეყანას“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.