მათიკაშვილი „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე: პრაქტიკულად გვთხოვენ, რომ სახელმწიფო გავაუქმოთ
„პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან დაკავშირებული ე.წ. ექსპერტის მიერ შედგენილი დასკვნა ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა პოლონელ ექსპერტზე საუბრისას განაცხადა, რომლის დასკვნის საფუძველზეც მომზადდა ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიში.
მისი თქმით, დასკვნა ყოველგვარი ობიექტურობისგან დაცლილია.
„ჩვენ თვალნათლივ ვნახეთ, რომ ეუთოს ფორმატი იყო გამოყენებული საქართველოზე კვლავ თავდასხმისთვის. სულ რაღაც ორ დღეში მომზადებული დასკვნა, რომელიც არის აბსოლუტურად დაცლილი ყოველგვარი ობიექტურობისგან, გაჯერებულია თითიდან გამოწოვილი ტყუილებით.
მოთხოვნები, რომელიც არის წაყენებული საქართველოს მიმართ, ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას, პრაქტიკულად გვთხოვენ, რომ სახელმწიფო გავაუქმოთ.
გავაუქმოთ ის საკანონმდებლო დანაწესები, რომელიც იცავს არასრულწლოვნებს ლგბტ პროპაგანდისგან, ქვეყანას გარე, „შავი ფულის“ შემოდინებისგან. მთლიანად, მთელი ეს დოკუმენტი წარმოადგენს აშკარა დასტურს იმისა, თუ როგორ იყენებენ ცალკეული ძალები სხვადასხვა ფორმატს, ამ შემთხვევაში კი, ეუთოს ფორმატს, იმისთვის, რომ საქართველოს წინააღმდეგ მოაწყონ თავდასხმა“ - აღნიშნავს მათიკაშვილი.