მათიკაშვილი მარტა კოსის განცხადებაზე: დღევანდელი ბრიუსელის ბიუროკრატია უნდა დაუბრუნდეს იმ ღირებულებებს, რის გარშემოც შეიქმნა ევროკავშირი
„ჩვენ გვაქვს ცალსახა და ერთმნიშვნელოვანი პასუხი, დღევანდელი ბრიუსელის ბიუროკრატია უნდა დაუბრუნდეს იმ ღირებულებებს, რის გარშემოც შეიქმნა ევროკავშირი“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ხშირ შემთხვევაში ევროპული სახელმწიფოების ხალხებისა და ბრიუსელის ნება-სურვილი ერთმანეთს ეწინააღმდეგება.
„სამწუხაროდ, ჩვენ თვალნათლივ ვხედავთ ძალიან დიდ უფსკრულს, რომელიც ევრობიუროკრატიისა და არაფორმალური მმართველობის სურვილებით გაჩნდა, დემოკრატიასა და ევროჩინოვნიკებს შორის.
ევროპული სახელმწიფოების ხალხების ნება-სურვილი და ბრიუსელის ნება-სურვილი ხშირ შემთხვევაში ერთმანეთს ეწინააღმდეგება. ევროკავშირიდან გვესმის ძალიან სამწუხარო წიაღსვლები, რომ თურმე კანონიერი გზები კი არა, უკანონო გზები არის მათი მხრიდან მოსაძებნი იმისთვის, რომ კვლავ წაახალისონ რადიკალიზმი. ბუნებრივია, ეს ყველაფერი ევროსკეპტიციზმის გაღვივების ერთ-ერთი მთავარი საფუძველია“, - აღნიშნავს მათიკაშვილი.