Loading data...
მათიკაშვილი ხელისუფლების დამხობის მცდელობაზე: ეს ყველაფერი დასრულდა იმით, რომ რეალურად განახორციელეს თვითდამხობა

მინდა ჩვენს საზოგადოებას მივულოცო ის, რომ შედგა თვითმმართველობის არჩევნები, ის რომ ჩვენი ბრძენი საზოგადოება კვლავ ქვეყნის მშვიდობიანი, ეკონომიკურად ძლიერი და მდგრადი განვითარების მომხრეა და ის ხელისუფლება აირჩია, რომელიც ამ ყველაფერს უზრუნველყოფს - ეს არის უალტერნატივოდ „ქართული ოცნება“, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მათიკაშვილმა, 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენებიც შეაფასა, როდესაც კონკრეტული ჯგუფის მიერ ადგილი ჰქონდა ხელისუფლების დამხობის მცდელობას.

„ჰქონდათ მცდელობა ძალადობრივად ჩაეგდოთ ხელში ხელისუფლება, დაესხნენ თავს პოლიციას, დაესხნენ თავს სახელმწიფო ინსტიტუციებს, პრეზიდენტის სასახლეს, დაამტვრიეს ინვენტარი, დაწვეს კონკრეტული ქონება და ეს ყველაფერი დასრულდა იმით, რომ რეალურად განახორციელეს თვითდამხობა - დაიმხეს საკუთარი მომავალი, საკუთარი ცხოვრება, საკუთარი ბედ-იღბალი დააყენეს კითხვის ნიშნის ქვეშ, იმიტომ რომ ნებისმიერ ძალადობაზე, მით უმეტეს ძალადობაზე, რომელიც ეხება სახელმწიფოს და სამშობლოს, პასუხი არის და იქნება პროპორციული, მაგრამ მკაცრი კანონის ფარგლებში“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.

მმართველი გუნდის დეპუტატი სუს-ის მიერ დიდი რაოდენობით იარაღისა და საბრძოლო მასალის ამოღებასაც გამოეხმაურა, რომელიც უკრაინაში მოქმედი ერთ-ერთი სამხედრო დანაყოფის ქართველი წარმომადგენლის მითითებით არის შეძენილი.

„საუბარი მაქვს კრიმინალ რადიკალებზე - კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობაზე“. ეს არის ის ძალა, რომელიც დღეს პრაქტიკულად გაქრობის პირასაა, ამიტომ ყველაფერზე ხელის მომწერები არიან, მით უმეტეს, როდესაც ჩვენი ერთ-ერთ მეგობარი ქვეყნის ვითომ მეგობარი ხელისუფლება მუდმივად ცდილობს საქართველოში ცეცხლის დანთებას ხელი შეუწყოს“, - დასძენს მათიკაშვილი.