მათიკაშვილი: ქართველი ხალხის ნება-სურვილის არ აღიარებამ, ერთ მუჭა ენჯეოშნიკებზე დაყრდნობამ, ძალადობის არ გამიჯვნამ, სამწუხაროდ, მიიყვანა ევროკავშირის ავტორიტეტი დაბალ ნიშნულამდე
„ქართველი ხალხის ნება-სურვილის არ აღიარებამ, ერთ მუჭა ენჯეოშნიკებზე დაყრდნობამ და არა ქართველი ხალხის ნება-სურვილზე, ძალადობის არაღიარებამ, ძალადობის არ გამიჯვნამ, სამწუხაროდ, მიიყვანა ევროკავშირის ავტორიტეტი ჩვენს ქვეყანაში ძალიან დაბალ ნიშნულამდე და ეს ევროსკეპტიციზმი ღრმავდება“, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა „ღამის კურიერში“ სტუმრობისას განაცხადა.
„სწორედ მარტა კოსის, კაია კალასის და მსგავსი პოლიტიკოსების მიერ წარმოებულმა სრულიად მცდარმა, რეალური დღის წესრიგიდან აცდენილმა, არა ევროპელი ხალხების ინტერესებიდან გამომდინარე პოლიტიკამ აიძულა შეერთებული შტატების პრეზიდენტი, შეერთებული შტატების მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის, ილონ მასკიც, აიძულა და ათქმევინა ის ფრაზები, რომელიც ჟღერს საკმაოდ მძიმედ. ევროკავშირი დღეს მხოლოდ საქართველოსთან მიმართებით ასე არ იქცევა და ის საქციელი, რაც მათი მდარე დღის წესრიგიდან გამომდინარე ოკეანის გადაღმაც აღწევს და იქიდანაც ხდება გამოძახილი, სწორი მითითება და მინიშნება.
ნომერ პირველი სტრატეგიული პარტნიორია ევროკავშირი და შეერთებული შტატები და როცა შეერთებული შტატები ევროკავშირს ეუბნება, რომ უფსკრულისკენ მიდიხარ, რომ ეს არ არის ის პოლიტიკა, რომელიც თავის დროზე დემოკრატიის, თავისუფლების და ღირებულებების გარშემო გაერთიანდი, დღეს აბსოლუტურად საპირისპირო მოცემულობაში ხარ და ამას ასე თუ გააგრძელებ, შენი ადგილი უფსკრულში იქნება საბოლოოდ და ვერავინ ვერ გიშველის, ამას ეუბნებიან. ამ ქმედებებმა, არ აღიარებამ ქართველი ხალხის ნება-სურვილის, ერთ მუჭა ენჯეოშნიკებზე დაყრდნობამ და არა ქართველი ხალხის ნება-სურვილზე, ძალადობის არაღიარებამ, ძალადობის არ გამიჯვნამ, სამწუხაროდ, მიიყვანა ევროკავშირის ავტორიტეტი ჩვენს ქვეყანაში ძალიან დაბალ ნიშნულამდე და ეს ევროსკეპტიციზმი ღრმავდება.
ჩვენ ვიყავით პირადად, ხელით რომ ჩავწერეთ კონსტიტუციაში ჩვენი სახელმწიფოს ევროპული ვექტორი და ასეთი ადამიანები, მათი ქმედებით, ქართველი ხალხის ნება-სურვილის ფეხქვეშ გათელვით, ყველაფერს აკეთებენ, შთაბეჭდილება რჩება, თითქოს შეგნებულად აკეთებენ, რომ მართლაც ქართველები ავდგეთ და ხელი ჩავიქნიოთ, მაგრამ არ ვაკეთებთ ამას. ჩვენ გვაქვს ჩვენი პოლიტიკა, საგარეო მიმართულება და ამ გზით მივდივართ.
საბოლოო ჯამში, იქ რომ მივალთ, იქ ევროკავშირი უნდა დაგვხვდეს იმ ღირებულებებით, რა ღირებულებებითაც თავის დროზე შეიქმნა და სადაც ქართველებსაც თავისი დიდი წვლილი აქვთ შეტანილი. ღირებულებებისგან დაცლილი, აგრესიაზე გადასული და თავისუფლების დეფიციტში არსებული ევროკავშირი, თვითონ ევროკავშირის ხალხებს არ უნდათ“, - აცხადებს დავით მათიკაშვილი.