Loading data...
მათიკაშვილი ჯაფარიძეზე: მან დაღალოს თავისი პარტიის წევრები, შეუძლიათ, სხვადასხვა შეჯიბრში მიიღონ მონაწილეობა, პოლიციის ღირსებას ისინი ვერ შეეხებიან

მან [ზურაბ ჯაფარიძემ] დაღალოს თავისი პარტიის წევრები, შეუძლიათ სხვადასხვა შეჯიბრში მიიღონ მონაწილეობა და იქ დაიღალონ, პოლიციის ღირსებას ისინი ვერ შეეხებიან, - ასე გამოეხმაურა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი სამართალდამცველებთან დაკავშირებით ზურაბ გირჩი ჯაფარიძის განცხადებას.

„პოლიცია დგას თავის სიმაღლეზე და პოლიციელი გმირია. ის მოქმედებს კანონის სრული დაცვით და ყველა მცდელობა, რომ გადავიდნენ კანონის ზღვარს, იქნება აღკვეთილი. რაც შეეხება ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, მან დაღალოს თავისი პარტიის წევრები, შეუძლიათ, სხვადასხვა შეჯიბრში მიიღონ მონაწილეობა და იქ დაიღალონ, პოლიციის ღირსებას ისინი ვერ შეეხებიან. შორს ხელები პოლიციისგან“, - აცხადებს მათიკაშვილი.

ცნობისთვის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ გუშინ, 4 მაისს განაცხადა:

„ყოველდღიური აქციები არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, რომ მათ ვერ შეძლონ პოლიციელების დასვენება. პოლიციელები უნდა იდგნენ, იმორიგეონ, ღამეები ათენონ, როგორც ჩვენ ვათენებთ, უნდა გაძვრეთ სიქა“.

რუსთაველის გამზირზე რამდენიმე დღეა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ და მმართველი გუნდისგან მის უკან გაწვევას ითხოვენ.