Loading data...
მათიკაშვილი: „დიფ სთეითში“ სუვერენიტეტი არ უყვართ - არ სჭირდებათ ისეთი ერები, რომლებიც საკუთარ ღირსებას დამოუკიდებლად იცავენ, როგორც ჩანს, მაია სანდუ ამ მიმართულების დიდი მხარდამჭერი აღმოჩნდა

„წარმოუდგენლად მიგვაჩნია დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოს პოლიტიკური ხელმძღვანელები ამბობდნენ, რომ ჩვენ არ გვინდა სუვერენიტეტი და ჩვენ დიდი სიამოვნებით მივცემდით ხმას და მხარს დავუჭერდით, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დაკარგვას. ასეთი აბსურდის თეატრამდე მიიყვანა მოლდოვა იმ პოლიტიკამ, ფსევდოლიბერალიზმმა, „დიფ სთეითის“ კარნახმა, რაც დღეს არის“, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა.

მისივე თქმით, ბოლო დღეებში ორი დამოუკიდებელი სახელმწიფოს ხელმძღვანელობიდან ერთმა განაცხადა, რომ სიამოვნებით დათმობდა დამოუკიდებლობას.

„როგორც ჩანს, „დიფ სთეითში“ სუვერენიტეტი არ უყვართ, არ სჭირდებათ ისეთი ერები, სახელმწიფოები, რომლებიც საკუთარ თავს, ღირსებას დამოუკიდებლად იცავენ და მათთვის არის დიდი სურვილი ერთფეროვანი მასის შექმნა, რისკენაც მიისწრაფვიან. როგორც ჩანს, მაია სანდუ ამ მიმართულების დიდი მხარდამჭერი აღმოჩნდა“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მოლდოვას დღევანდელმა ხელისუფლებამ სხვა ქვეყანასთან შეერთებით გადაწყვიტა მოლდოვაში ეკონომიკის სტაგნაციის, ხალხის ცხოვრების დაბალი დონის, კორუფციისა და სხვა პრობლემების ერთი ხელის მოსმით მოგვარება.

მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრუ მუნტიანუმ განაცხადა, რომ ის, როგორც რიგითი მოქალაქე, რუმინეთთან გაერთიანების მომხრეა, თუმცა, როგორც მთავრობის თავმჯდომარე, ვალდებულია მოქალაქეების უმრავლესობის ხმას მიჰყვეს და ევროინტეგრაციაზე იმუშაოს.