Loading data...
მათიკაშვილი დემოკრატიის აღქმის 2026 წლის ანგარიშზე: ეს არის პასუხი ყველა იმ ძალისთვის, რომელიც საქართველოს ათას ტყუილს აბრალებს

მმართველ გუნდში დემოკრატიის აღქმის 2026 წლის ანგარიშს ეხმაურებიან, რომლის თანახმადაც საქართველო მთავრობის გამჭვირვალობით ევროპაში ლიდერობს, არჩევნების პოზიტიური გავლენით ევროპაში მეორე ადგილზეა, გლობალური აღქმის ინდექსით კი ევროპის საუკეთესო ოცეულშია.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი ამბობს, რომ ეს არის პასუხი ყველა იმ ძალისთვის, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ, რომელიც საქართველოს ტყუილს აბრალებს.

„როგორც კი ობიექტური მდგენელი შემოდის განხილვაში და კვლევითი ორგანიზაციები მიუკერძოებლად იკვლევენ საქართველოს შესახებ ინფორმაციას, სიმართლეც არ აყოვნებს. ეს არის ის ორგანიზაცია, რომელსაც ხელმძღვანელობს NATO-ს ყოფილი გენერალური მდივანი ბატონი რასმუსენი და რომელსაც გააჩნია საკმაოდ დიდი ავტორიტეტი. შესაბამისად, ამ კვლევის შედეგად, ყველა იმ ძალას გაეცა პასუხი, სადაც საქართველო დემოკრატიულობის მასშტაბით და ინდექსით წამყვან პოზიციებს იკავებს როგორც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, ასევე ნატოს წევრ ქვეყნებთან მიმართებით. ეს არის პასუხი ყველა იმ ძალისთვის, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გამორჩეულად ქვეყნის ფარგლებს გარეთ, რომელიც საქართველოს აბრალებს ათას ტყუილს“, - აცხადებს დავით მათიკაშვილი.