Loading data...
მასუდ ფეზეშკიანი: ფერეიდანში ბევრი ირანელი ცხოვრობს, რომლებიც ქართველთა შთამომავლები არიან, ჩვენ თბილი ურთიერთობა გვაქვს, ამ საკითხზე საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ვისაუბრე

საქართველოში ირანის საელჩო ავრცელებს ირანის პრეზიდენტის მასუდ ფეზეშკიანის კომენტარს, რომელიც მან საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერევანში შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

როგორც ფეზეშკიანი აღნიშნავს, საქართველოს და ირანს შეუძლიათ ურთიერთობების განვითარება და კავშირების გაღრმავება.

მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ფერეიდანში მცხოვრებ ქართველთა შთამომავლებსაც.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრს ვესაუბრეთ. აქ, ფერეიდანში ბევრი ირანელი ცხოვრობს, რომლებიც ქართველთა შთამომავლები არიან. მათ სახელებში, საქმიანობასა და მეტყველებაში დღემდე შემორჩენილია ქართული ფესვები. ისინი ერთმანეთთან კვლავ ქართულად საუბრობენ. ჩვენც ძალიან თბილი და გულითადი ურთიერთობა გვაქვს. ამ საკითხთან დაკავშირებით ერთმანეთს ვესაუბრეთ.

ჩვენ შეგვიძლია ურთიერთობების განვითარება და კავშირების გაღრმავება. არსებობს მარშრუტები, რომლებიც ჩვენ – ევროპასთან, ხოლო მათ ირანის სპარსეთის ყურესთან, ავღანეთთან, ინდოეთთან და რეგიონის სხვა ქვეყნებთან დააკავშირებს. ჩვენ ბევრი საერთო ინტერესი და შესაძლებლობა გვაქვს ეკონომიკური, კულტურული, სოციალური და პოლიტიკური თანამშრომლობის განვითარებისთვის“, - აცხადებს ირანის პრეზიდენტი.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძისა და ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის, მასუდ ფეზეშკიანის შეხვედრა გუშინ ერევანში, გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.