მარიამ ლაშხი: სუვერენული ერების ალიანსი დაფუძნებულია საერთო ღირებულებებზე - ერებმა უნდა გადაწყვიტონ საკუთარი ბედი, მნიშვნელოვანი იყო, რომ 50-ზე მეტ ქვეყანასთან ერთად, საქართველო აჟღერებდა ჩვენი ხალხის ინტერესს, რომ დავიცვათ ჩვენი ღირებულებები
„კონგრესმენ ანა პაულინა ლუნას მოწვევით, გაიმართა სუვერენული ერების ალიანსის პირველი სამიტი, სადაც საქართველო მიწვეული იყო როგორც მონაწილე და პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. საქართველოს შესაძლებლობა ჰქონდა, რომ გაეჟღერებინა ქართველი ერის ხმა“, - ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა განაცხადა.
მისი თქმით, 50-ზე მეტ ქვეყანასთან ერად, საქართველო აჟღერებდა ქართული საზოგადოების უმრავლესობის ინტერესს, რომ დავიცვათ ჩვენი ღირებულებები და ეროვნული ინტერესები.
„მოგეხსენებათ, ეს ალიანსი, პირველ რიგში, დაფუძნებულია საერთო ეროვნულ, ტრადიციულ და ქრისტიანულ ღირებულებებზე და არამხოლოდ - ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ერებმა საკუთარი ხალხის გადაწყვეტილებით უნდა გადაწყვიტონ საკუთარი ბედი და რომ სუვერენიტეტი არის ამ გაერთიანების ამოსავალი წერტილი. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ 50-ზე მეტ ქვეყანასთან ერად, საქართველო აჟღერებდა ჩვენი ხალხის ინტერესს, აჟღერებდა უმრავლესობის ინტერესს, რომ დავიცვათ ჩვენი ღირებულებები, ის, რომ ეროვნული ინტერესების დაცვა და ისტორიული ღირებულებები არის დღევანდელი, 21-ე საუკუნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა და ამის დაცვა სწორედ ხელისუფლებას, საკანონმდებლო ორგანოს ევალება“, - აღნიშნა ლაშხმა.
მისივე თქმით, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, საუბარი შეეხო ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, საქართველოს როლს შუა დერეფანში და ქვეყანამ არამხოლოდ ამერიკაში, არამედ, მსოფლიოს მასშტაბით შეიძინა მეგობრები.
„მნიშვნელოვანი იყო, რომ ვისაუბრეთ ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე, საქართველოს როლზე შუა დერეფანში და რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ ამ ვიზიტით, არათუ მხოლოდ ამერიკაში, არამედ, მსოფლიოში მოვიპოვეთ მეგობრები - ის კონსერვატორები, რომელთა გაერთიანებაც დაფუძნებულია იმაზე, რომ სუვერენული ერების გაერთიანებით მოხდეს უკეთესი მსოფლიოს წყობა. ჩვენ ამ შეხვედრით ვეცადეთ, დაგვემყარებინა ორმხრივი ურთიერთობები და ვფიქრობთ, აშშ-სთან საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა თვისობრივად განახლდება და მას ექნება კონკრეტული შედეგები“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.