მარიამ ლაშხი: საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეა კარგი შესაძლებლობაა, ვისაუბროთ იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც ნაკლები დიპლომატიური კავშირი გვაქვს
„ასამბლეაზე ჩვენი მთავარი თემა იქნება საქართველოს სუვერენიტეტი, მისი დაცვა, არაღიარების პოლიტიკის გაძლიერება და ქვეყნების მხარდაჭერის მოპოვება“, - ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა განაცხადა.
მისი თქმით, ქართული მხარე აქტიურად ისაუბრებს ოკუპაციაზე და საოკუპაციო ხაზთან არსებულ მდგომარეობაზე.
„საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეის თემა არის – კარგი მმართველობა ნდობის და საზოგადოების ინკლუზიურობის ჩართულობის გზით. საქართველოს სწორედ ამ მიმართულებით წარმატებული ნაბიჯები აქვს განხორციელებული. ცოტა ხნის წინ, ევროკომისიის ანგარიშით, საქართველო ევროპის ათეულში მოხვდა.
მნიშვნელოვანი იქნება, რომ პარლამენტის თავმჯდომარე სიტყვით მიმართავს ასამბლეის მონაწილეებს. გვექნება შესაძლებლობა ახალგაზრდა პარლამენტარების ფორუმში მივიღოთ მონაწილეობა, სადაც ახალგაზრდების, ქალების ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით გვექნება საუბარი. ორმხრივი შეხვედრები გვექნება როგორც აფრიკის, ევროპის, აზიის, ასევე შუა ოკეანეთის ქვეყნების დელეგაციის ხელმძღვანელებთან.
მთავარი თემა იქნება საქართველოს სუვერენიტეტი, მისი დაცვა, არაღიარების პოლიტიკის გაძლიერება და ქვეყნების მხარდაჭერის მოპოვება. საქართველოსთვის მსგავსი ტიპის პლატფორმები კარგი შესაძლებლობაა, რომ ვისაუბროთ იმ ქვეყნებთან, რომლებიც არა მხოლოდ ახლოს არ არიან ჩვენთან, არამედ ნაკლები შესაძლებლობები და დაფარვა არსებობს დიპლომატიური ხაზით.
ჩვენ ამ პლატფორმებს ამ დიალოგისთვისაც ვიყენებთ. გვექნება შესაძლებლობა, რომ ვისაუბროთ ოკუპაციის ხაზს მიღმა მდგომარეობაზე. ასევე, მნიშვნელოვანია, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია იმ აგრესიის შესახებ, რომელსაც საქართველო ათწლეულების მანძილზე გადის და რომლის მიუხედავადაც, ქვეყნის მთავარი არჩევანი არის მშვიდობის გზით კონფლიქტის მოგვარება. საუბარი გვექნება საქართველოს იმ მიდგომებზეც, რომელიც ჩვენი რეგიონის გაძლიერებისა, სტაბილური განვითარების და ეკონომიკური კეთილდღეობის მიმართულებით არსებობს“, - აღნიშნა ლაშხმა.