Loading data...
მარიამ ლაშხი EBRD-ის მონაცემებზე: ეს სასიხარულო მტკიცებულებაა იმისა, თუ როგორი მწყობრი, მიზანდასახული, სიფრთხილით სავსე და სწორი პოლიტიკა აქვს ხელისუფლებას როგორც ეკონომიკურ ნაწილში, ასევე, უსაფრთხოების ნაწილში

„ეს სასიხარულო მაჩვენებელი არის კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, თუ როგორი მწყობრი, როგორი მიზანდასახული, სიფრთხილით სავსე და სწორი პოლიტიკა აქვს ხელისუფლებას, როგორც ეკონომიკურ ნაწილში, ასევე, უსაფრთხოების ნაწილში“, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა EBRD-ის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებთან დაკავშირებით.

მისი თქმით, საქართველოს მზარდი ეკონომიკური მაჩვენებელი ხელისუფლების სწორი პოლიტიკის შედეგია.

„კიდევ ერთი მაჩვენებელია იმისა, რომ როგორც მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა, ასევე, დაგეგმილ და სწორად გათვლილ პოლიტიკას აქვს შედეგი, რომელიც გამოიხატა ამ მაჩვენებლით. აქაც ერთი ფაქტორი არის ის, რომ იმ შეფასებებში, სადაც საქართველო მოწინავე ადგილს იღებს, ვხედავთ, რომ არის ობიექტური შეფასებები, რომელიც დაცლილია პოლიტიკური რიტორიკისგან თუ სხვადასხვა ინტერესებისგან. ასეთი ტიპის მაჩვენებლებში, სადაც მდგენელი არის კონკრეტული ფაქტები, კონკრეტული რეფორმები და გადადგმული ნაბიჯები, იქ ყოველთვის საქართველო ლიდერობს. რომ შევადაროთ თუნდაც კანდიდატ ქვეყნებს - მოლდოვასა და უკრაინას, რომლებზეც ევრობიუროკრატები მიგვითითებენ, რომ ყველაზე უფრო მზად არიან ევროკავშირში ინტეგრაციისთვის ხედავთ, რომ გაუარესება აქვთ 4.5%-ით და მათი მაჩვენებელი ზრდის არის 2.5%. აქაც უნდა შევხედოთ, საქართველო, რომელიც მოწინავე არის არა მხოლოდ კავკასიის რეგიონში, ასევე, ევროპულ ქვეყნებსაც უსწრებს, მეორე ადგილზე მყოფ პოლონეთთან, რომელსაც 3.5% აქვს, მასზე ორჯერ უფრო დიდი ეკონომიკური ზრდა აქვს.

ესეც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ როდესაც ფიქრობ შენს მოსახლეობაზე, როდესაც მოსახლეობის კარნახით გეგმავ, როგორც შენს საგარეო პოლიტიკას, როგორც შიდა რეფორმებს, იქნება ეს კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც სახელმწიფომ გადადგა, ყოველთვის აისახება შენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.