Loading data...
მარიამ ლაშხი: აშშ-ში ოფიციალურ შეხვედრებზე მივიღეთ პოზიტიური მესიჯები, პირველ რიგში, არის მზადყოფნა, სტრატეგიული ურთიერთობები არა მხოლოდ განახლდეს, არამედ სრულიად ახალი ფურცლიდან დაიწყოს

ძალიან მნიშვნელოვანი და პოზიტიური მესიჯები მიიღო საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ოფიციალურ შეხვედრებზე, რომელიც გაიმართა როგორც სენატში, კონგრესში, ასევე, კვლევით და ანალიტიკურ ცენტრებში, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხმა განაცხადა.

ლაშხის თქმით, საკმაოდ დატვირთული და შინაარსიანია დელეგაციის შეხვედრების სია, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის მესიჯები, რომელსაც საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია იღებს.

„ეს, პირველ რიგში, არის მზაობა და მზადყოფნა, რომ სტრატეგიული ურთიერთობები არა მხოლოდ განახლდეს, არამედ სრულიად ახალი ფურცლიდან დაიწყოს, რომელიც იქნება შედეგზე ორიენტირებული და პირდაპირ აისახება ჩვენი ერების კეთილდღეობაზე.

ეს თანამშრომლობა გამოიხატება როგორც ეკონომიკური მიმართულებით ურთიერთობის გაღრმავებაში, ასევე, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ინვესტიციების განხორციელებაში, ხოლო ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის სუვერენული უფლებების დაცვა და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული პარტნიორობა.

მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ წინა ადმინისტრაციასთან შეხვედრებთან შედარებით, მიმართულებები სრულიად განსხვავებულია. შეცვლილია როგორც განწყობები და დამოკიდებულება, ისე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პატივისცემა და პატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობების განახლება“, - აღნიშნა ლაშხმა.

მისივე თქმით, სუვერენული ერების სამიტი, რომელიც დღეს უკვე გაიხსნა, იქნება ერთ-ერთი გარდამტეხი ეტაპი ურთიერთობების გადატვირთვის კუთხით.

„მოგეხსენებათ, ანა პაულინა ლუნა, რესპუბლიკელი კონგრესმენი, რომელმაც საქართველოს დელეგაცია მოიწვია არა მხოლოდ დამსწრედ, არამედ ამ კონფერენციის უშუალო მონაწილედ, ეს წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან.

საქართველოს ექნება შესაძლებლობა, გააჟღეროს ქართველი ერის ხმა სუვერენული ერების სამიტზე, დაიცვას ეროვნული ინტერესები და დამსწრე საზოგადოებას გაუზიაროს გამოცდილება, როგორი გეოპოლიტიკური წნეხის პირობებში მოუწია ქვეყანას როგორც სუვერენიტეტის, ისე მშვიდობის დაცვა.

პანელები მოიცავს სიტყვის თავისუფლებისა და ენერგეტიკის მიმართულებებს. მნიშვნელობა ექნება საქართველოს შუა დერეფნის როლის ხაზგასმას. საქართველო კიდევ ერთხელ დააფიქსირებს საკუთარ ინტერესს, რომელიც ეფუძნება როგორც სოციალურ-ეკონომიკურ კეთილდღეობას, ასევე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.

ცნობისთვის, საპარლამენტო დელეგაციას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში არიან: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი ლიკა შარტავა და „ხალხის ძალიდან“ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი ეკა სეფაშვილი.