მარიამ ქვრივიშვილი: ხაზარაძე, რომელმაც წლების წინ სახელმწიფოს ანაკლიის პროექტისთვის კომერციული საიდუმლოს სტატუსის მინიჭება მოსთხოვა, დღეს ჩვენ „იგლ ჰილსის“ პროექტზე არასაჯაროობაში გვადანაშაულებს
„„იგლ ჰილსთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებასთან მიმართებით, დღეს სახელმწიფოს არასაჯაროობაში ბრალს დებენ ის ადამიანები, რომლებმაც, წლების წინ, როცა ბიზნესსექტორს წარმოადგენდნენ, თავად მოსთხოვეს სახელმწიფოს, მაგალითად, ანაკლიის პროექტისთვის კომერციული საიდუმლოს სტატუსის მინიჭება - გავიხსენოთ, როდესაც ანაკლიის ხელშეკრულება გაფორმდა სახელმწიფოსთან, ბატონმა ხაზარაძემ მოითხოვა, რომ ეს ყოფილიყო კომერციული საიდუმლოება და დღეს ეს ადამიანები სახელმწიფოს აკრიტიკებენ“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა.
მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ „იგლ ჰილსთან“ დადებულ ხელშეკრულებას კომერციული საიდუმლოს სტატუსი აქვს, რაც ჩვეულებრივი საერთაშორისო პრაქტიკაა, ხელისუფლება საჯაროდ საუბრობს ამ კონტრაქტის თითქმის ყველა ფუნდამენტურ კომპონენტზე.
„იმდენ დეტალზე ვსაუბრობთ, გულწრფელად შეიძლება ითქვას, რომ, ფაქტობრივად, გასაჯაროებულია ამ ხელშეკრულების ყველა ფუნდამენტური კომპონენტი. ეს ხელშეკრულება მომზადებულია კანონმდებლობის სრული დაცვით და ეს არის საერთაშორისო პრაქტიკა, როდესაც კერძო კომპანია, კერძო ინვესტორი ზრუნავს იმაზე, რომ მისი კომერციული ნიუანსები არ იყოს საჯარო. ეს ყველგან ასეა და ჩვენ ქვეყანაშიც ამის უამრავი მაგალითი გვაქვს“, - განაცხადა მინისტრმა.
მარიამ ქვრივიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი თავის ყველა გამოსვლაში ძალიან ღიად საუბრობს ამ ხელშეკრულებაზე და მის ძირითად დეტალებზე.
„აბსოლუტურად გასაგებია, რომ შეიძლება იყოს კითხვები და ჩვენ პასუხისმგებლობა გვაქვს, რომ ამ კითხვებზე გამჭვირვალედ და ღიად ვისაუბროთ. არსებობს კომერციული ნიუანსები ინვესტორის მხარეს, რაზეც ჩვენ ავიღეთ ვალდებულება და პატივს ვცემთ ამ შეთანხმებას. ამასთანავე, მზად ვართ, ყველა კითხვას, რაც საზოგადოებას გაუჩნდება, ნებისმიერ ფორმატში გავცეთ პასუხი“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.