მამუკა მდინარაძე: საქართველომ უნდა შეძლოს, როგორც ხელისუფლებაში, ასევე ოპოზიციაში ჰყავდეს ისეთი პარტიები, ისეთი პოლიტიკოსები, რომლებიც საკუთარ ხალხს და სამშობლოს ემსახურებიან

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ შემუშავებული დასკვნის შემდეგ ხელისუფლებას მყარი საფუძველი ექნება იმისთვის, რომ მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს ამ პარტიების აკრძალვის შესახებ, რათა აღარ განმეორდეს 2012 წლამდე არსებული სისასტიკე და ოპოზიციონერად არ იწოდებოდეს აგენტურა, რომელიც გარე ძალების, ქვეყნების, თუ კონკრეტული დაჯგუფებების თუ ჯგუფების დავალებებს ასრულებს.
„მიმდინარე საპარლამენტო კვირას, სხვა მნიშვნელოვან კანონპროექტებთან ერთად, მეორე მოსმენით განვიხილავთ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებს, საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს. ამის შესახებ საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია. უფრო მარტივად გასაგები რომ იყოს ყველა ადამიანისთვის, საქმე ეხება დამნაშავე პოლიტიკური პარტიის მემკვიდრე პარტიების აკრძალვას. ჩვენ ვალდებულები ვართ, ისე დავხვეწოთ კანონმდებლობა, რომ დამნაშავედ გამოცხადებული პოლიტიკური პარტიის სატელიტმა პარტიებმა, ან კონკრეტულმა პირებმა, ვერც პარტიამ და ვერც პერსონალიებმა ვეღარ შეძლონ პოლიტიკური საქმიანობის განხორციელება. როგორც იტყვიან, ყოფილი ნაცი არ არსებობს და არც ყოფილი აგენტი არსებობს, ალბათ, ამაში დამეთანხმებით.
დაბოლოს, საპარლამენტო უმრავლესობა შევთანხმდით და მივიღეთ გადაწყვეტილება, როგორც ეს დაანონსებული გვქონდა წინა პერიოდშიც, რომ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას გავუგრძელებთ საქმიანობის ვადას 5 ივნისამდე, როგორც ეს საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ დღეს მოითხოვა საქართველოს პარლამენტიდან. საზოგადოება ნათლად ხედავს, რომ, ფაქტობრივად, ამოუწურავია ნაცმოძრაობის კრიმინალური რეჟიმის უმძიმეს დანაშაულთა ნუსხა. თუმცა, როგორც ვხედავთ, კომისია ცდილობს მაქსიმალურად მოკლე ვადებში მცირე ნაწილი მაინც გამოიკვლიოს იმ სისასტიკიდან, რომელიც დღეს პოლიტიკოსად წოდებულმა აგენტურამ დაატეხა ქვეყანას როგორც წარსულში, ასევე დღეს და, მე ვფიქრობ, რომ ამ დასკვნის შემდეგ, რომელსაც კომისია შეიმუშავებს, ჩვენ გვექნება კიდევ უფრო მყარი, როგორც ფორმალური, ასევე რეალური საფუძველი იმისათვის, რომ მივმართოთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ამ პარტიების აკრძალვის შესახებ, რომელსაც ისინი წარმოადგენენ რომ არ განმეორდეს 2012 წლამდე სისასტიკე ამ ქვეყანაში და ოპოზიციონერად არ იწოდებოდეს აგენტურა, რომელიც გარე ძალების, ქვეყნების, თუ კონკრეტული დაჯგუფებების თუ ჯგუფების დავალებებს ასრულებდეს. საქართველომ უნდა შეძლოს, როგორც ხელისუფლებაში, ასევე ოპოზიციაში ჰყავდეს ისეთი პარტიები, ისეთი პოლიტიკოსები, რომლებიც ემსახურებიან საკუთარ ხალხს და საკუთარ სამშობლოს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.