მამუკა მდინარაძე: იყო თუ არა ეს ომი პროქსი ომი? იყო თუ არა საქართველო მოაზრებული ამ ომში? ტრამპისა და პუტინის შეხვედრამ ყველა კითხვას გასცა პასუხი

„მშვიდობის ძიებაში“ - ეს მთავარი სლოგანი წარმოუდგინეს მსოფლიოს ორი ბირთვული სახელმწიფოს, აშშ-სა და რუსეთის ლიდერებმა და მთავარ გამოწვევად სწორედ მშვიდობის დამყარება გამოაცხადეს“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორ მდინარაძე წერს, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრამ ყველა კითხვას გასცა პასუხი.
„ჩვენ გაცილებით ადრე, უკრაინაში ომის დაწყების დღიდან, ქართულ საზოგადოებას თამამად ვუთხარით, რომ ჩვენი ხელისუფლება და ქვეყანა არაფორმალურმა, ჩრდილოვანმა ძალებმა, მათ მიერ მართული ბიუროკრატების ხელით, სწორედ ომისა და მშვიდობის დილემის წინაშე დააყენეს. მათივე უსიტყვო მორჩილებაში მყოფმა რადიკალურმა ოპოზიციამ, ეგრეთ წოდებულმა მედიამ და NGO სექტორმა კი სცადა ეს ყველაფერი „ცრუ დილემად” წარმოეჩინა ქართული საზოგადოებისთვის.
დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრამ ყველა კითხვას გასცა პასუხი:
1. იყო თუ არა ეს ომი პროქსი ომი? დიახ, ეს იყო დასავლეთის და რუსეთის დაპირისპირება მესამე ქვეყნის ხელით. ეს ფაქტი თავად დონალდ ტრამპმაც დაადასტურა
2. იყო თუ არა საქართველო მოაზრებული ამ ომში? დიახ, არა თუ მოაზრებული, არამედ გეგმის ნაწილი იყო, როგორც მეორე, პროქსი სახელმწიფო და რომ არა ჩვენი სიმტკიცე, დღეს საქართველოსგან ნანგრევები იქნებოდა დარჩენილი
3. შეიძლებოდა თუ არა ამ ომის თავიდან აცილება? დიახ, ამერიკელებიც და რუსებიც, ლიდერების დონეზე თანხმდებიან, რომ ეს ომი არ მოხდებოდა, თანამდებობაზე ტრამპი (ანუ შესაბამისი პოლიტიკური ნება) რომ ყოფილიყო
4. იყო თუ არა ომისა და მშვიდობის დილემა რეალური? რა თქმა უნდა, ეს იყო მთავარი დილემა, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყანა აღმოჩნდა და ჩვენ, ქართველი ხალხის მხარდაჭერით, მივიღეთ უალტერნატივო გადაწყვეტილება, ქვეყანა და ათიათასობით ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე გადაგვერჩინა. ამაში მძიმე პოლიტიკური ფასიც გადავიხადეთ.
ამიტომ, ყველა იმ აგენტმა, რომელიც რეალურად საქართველოს ომში ექაჩებოდა, რომელიც ამბობდა, რომ არანაირი ომისა და მშვიდობის დილემა არ არსებობს, რომელმაც არჩევნების წინა დღეს სააკაშვილი საქართველოში გადატრიალების მოსაწყობად შემოაპარა, რომელმაც ომის მიმდინარეობის პარალელურად ქვეყანაში რევოლუციური გეგმები დასახა და ძალადობრივი აქციები დააორგანიზა - პასუხი უნდა აგოს ქართველი ხალხის წინაშე!
საზოგადოების ის ნებისმიერი წევრი, რომელიც ჯერ კიდევ მათ უჭერს მხარს, ახლა მაინც უნდა დაფიქრდეს, როგორ ხდება, რომ დღემდე იმ ადამიანებს ემხრობა, რომელთა გამარჯვების შემთხვევაში შეიძლება ცოცხალიც კი აღარ ყოფილიყო?!“ - წერს მდინარაძე.