მამუკა მდინარაძე: 300 ხმის გაყალბების მტკიცებულება დაიდოს და მერე ვილაპარაკოთ ახალ არჩევნებზე
„300 ხმის გაყალბების მტკიცებულება დაიდოს და მერე ვილაპარაკოთ ახალ არჩევნებზე“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„ვნახე პროკურატურის დღევანდელი ბრიფინგი და ვუერთდები ბრალდების მხარეს, ამ შემთხვევაში პროკურატურას იმაში, რომ თუ ვინმეს რაიმე ერთი ფაქტი მაინც აქვს არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, მივიდნენ და უთხრან პროკურატურას. 300 000 ხმა გაყალბდაო, ხომ გვიმტკიცებენ?!
300 ათასის კი არა, 300 ხმის გაყალბების რაიმე ელემენტარული მტკიცებულება დადონ. ეს რატომ არის მნიშვნელოვანი იცით? ხალხი გამოდის და ამბობს, ვითხოვთ ახალ არჩევნებსო.
300 ხმის გაყალბების მტკიცებულება დადე და მერე მოითხოვე [ახალი არჩევნები] კი ბატონო. არგუმენტების გარეშე მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს რომელიმე ქვეყნის რომელიმე მთავრობამ?! 300 ხმის გაყალბების მტკიცებულება დაიდოს და მერე ვილაპარაკოთ ახალ არჩევნებზე“, - აღნიშნა მდინარაძემ.