Loading data...
მახაშვილი უნგრეთის არჩევნებში საგარეო ჩარევაზე: ეს არ არის მხოლოდ უნგრეთისთვის დამახასიათებელი, ამის გამოკვეთა სწორედ საქართველოს არჩევნებით დაიწყო და დღეს ყველა არჩევნების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემადაა ქცეული

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი, რომელიც უნგრეთში 12 აპრილის საპარლამენტო არჩევნებისთვის ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში იმყოფება, აღნიშნულ არჩევნებში საგარეო ჩარევის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას.

მახაშვილი აღნიშნავს, რომ საგარეო ჩარევა უკვე ყველა არჩევნების მნიშვნელოვან პრობლემად არის ქცეული.

„ჩვენ ვიმყოფებით უნგრეთში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში. იმართება ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები, რომელიც განსაზღვრავს არა მხოლოდ უნგრეთის ბედს, არამედ ძალიან ბევრი ქვეყნის და ზოგადად მსოფლიო ბედს. არჩევნებამდე ეუთოს საპარლამენტოს ასამბლეის დამკვირვებლებისთვის იმართება სპეციალური შეხვედრები, მათ შორის, კანდიდატებთან, წარმომადგენლებთან, ვეცნობით მათ ხედვებს.

საგარეო ჩარევა მნიშვნელოვანი საკითხია. სხვათა შორის, ეს არ არის მხოლოდ უნგრეთისთვის დამახასიათებელი. ძალიან მკაფიოდ და მკვეთრად სწორედ საქართველოს არჩევნებით დაიწყო ამის გამოკვეთა და დღეს ფაქტობრივად ყველა არჩევნების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად არის ქცეული. ამიტომ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ დაკვირვების საკითხი, არამედ სამომავლოდაც ყველა სახელმწიფოს მხრიდან იმგვარი ნაბიჯების გადადგმა, საარჩევნო პროცესების იმგვარად დაცვა, რომ საგარეო ჩარევა - არჩევნების ძალიან პრობლემური კომპონენტი დღეს, აღარ იყოს პრობლემა“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.