Loading data...
მახაშვილი: იყო გეგმა, რომ არასტაბილურობის მაქსიმალურ შეგრძნებამდე მისულიყო ქვეყანა, ამ გეგმას ასრულებდნენ როგორც გარედან, ისე შიგნიდან „დიფ სთეითის“ წარმომადგენლები

„ფაქტია, რომ ეს იყო გეგმა, არსებული ხელისუფლების მაქსიმალური დაზიანებით არასტაბილურობის მაქსიმალურ შეგრძნებამდე მისულიყო ქვეყანა. ამ გეგმას ასრულებდნენ როგორც გარედან, ისე შიგნიდან „დიფ სთეითის“ წარმომადგენლები“, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც ყოფილი პრემიერი და შს მინისტრი გიორგი გახარია „დიფ სთეითის“ დავალებების შესრულებაში დაადანაშაულა.

მისი თქმით, გახარიას შეხვედრები ჰქონდა უცხო ქვეყნის ელჩებთან. 

„მე არ მაქვს ეს ინფორმაცია, არ ვიყავი მაშინ პარლამენტის წევრი, არ ვიყავი ჩართული ამ დისკუსიებში და არც მქონდა შესაძლებლობა, რომ მომეკითხა ეს საკითხები, თუმცა ერთი, რაც მეც მახსოვს ძალიან კარგად არის ის, რომ პარალელურ რეჟიმში შეხვედრები ჰქონდა უცხო ქვეყნის ელჩებთან - გაცხადდა კიდეც საგამოძიებო კომისიაზე ერთ-ერთი ასეთი ელჩი. ის არ იყო ერთადერთი. ისიც მახსოვს, ამ პარლამენტში ცალკეული ელჩები პერიოდულად როგორ მიდი-მოდიოდნენ ზუსტად იმ დღეებში და ცდილობდნენ, გავლენა მოეხდინათ გადაწყვეტილების პროცესზე.

გადადგომის და შემდგომი ნაბიჯების გათვალისწინებით, ფაქტია, ეს იყო ერთგვარი დადგმული სცენა. ფაქტია, რომ ეს იყო გეგმა, არსებული ხელისუფლების მაქსიმალური დაზიანებით არასტაბილურობის მაქსიმალურ შეგრძნებამდე მისულიყო ქვეყანა. ამ გეგმას ასრულებდნენ როგორც გარედან, ისე შიგნიდან „დიფ სთეითის“ წარმომადგენლები“, - აღნიშნავს მახაშვილი.