მახაშვილი ჰესლინკის კომისიაში საქართველოს შესახებ მოსმენის გადადებაზე: იმედია, ასეთი მოსმენები საერთოდ არ შედგება
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი ჰელსინკის კომისიაში საქართველოს შესახებ დაგეგმილი მოსმენის გადადებას მიესალმება.
ლევან მახაშვილის თქმით, მსგავსი მოსმენები ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების გადატვირთვას ხელს არ უწყობს.
„ვერ გეტყვით, რა არის რეალური მიზეზი, მაგრამ ამით რომ არც არაფერი დააკლდა და არც შეემატა სახელმწიფოს, ფაქტია. ძალიან კარგი, რომ გადაიდო, რა მიზეზითაც არ უნდა იყოს, იმიტომ, რომ ორმხრივი ურთიერთობების გადატვირთვას, თუ რაიმე უწყობს ხელს, ასეთი მოსმენები ნამდვილად არ არის.
საზოგადოებას მოუსმენია წინა გამოსვლები, ნახეს რეალურად რაზე იყოს საუბარი. ტყუილების გავრცელება და დაბრალება, ათასი იარლიყის მიწებება ქვეყნისთვის, ურთიერთობების გადატვირთვას ხელს ვერ შეუწყობს, ამიტომ მოხარულები ვართ, რომ ეს მოსმენა გადაიდო. იმედია, ასეთი მოსმენები საერთოდ არ შედგება“, - აღნიშნავს მახაშვილი.