Loading data...
მახაშვილი ბრიუსელში არშემდგარ შეხვედრაზე: ბევრი ეწინააღმდეგებოდა დიალოგს და ჰქონდათ ამ შეხვედრის ჩაშლის სურვილი, როგორც ჩანს სწორედ ესკალაციის მოსურნე მხარემ და ძალებმა იმძლავრეს და ჩაშალეს შეხვედრა

საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა იყო სწორი. როდესაც ჩვენ ვხედავდით მცდელობას გარე ჩარევების, კანონის გვერდის ავლით ქვეყანაში ფულის შემოტანის და იმ ორგანიზაციების დაფინანსების, რომლებიც წინა ხაზზე იდგნენ ხელისუფლების დამხობის, პარლამენტის ცეცხლის მოკიდების და „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლის პროცესში, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა.

იგი ამგვარად გამოეხმაურა გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებას, რომ საქართველოს მთავრობა დიდი ყურადღებით აკვირდება, თუ ვის აძლევს ევროკავშირი ფულს და დღეს ევროკავშირი ეძებს გზებს, თუ როგორ გადაურიცხოს ფული სამოქალაქო საზოგადოებას ისე, რომ ის არ დააზიანოს.

ლევან მახაშვილმა ასევე ისაუბრა ბრიუსელში არშემდგარ, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის შეხვედრაზეც.

„ამ შეხვედრის ჩანიშვნა არ იყო მარტივი პროცესი, ამას წინ უძღოდა დაახლოებით 5-6 თვიანი საუბრები, დისკუსიები, მოლაპარაკებები, თუ როდის უნდა ჩანიშნულიყო, რა დღის წესრიგით. იყო საერთო გაგება, რომ ამ შეხვედრებით ჩვენ დავიწყებდით მანამდე გაყინული ფორმატების ეტაპობრივად აღდგენას. ეს არ იყო მარტივი პროცესი თავად ბრიუსელში, ბევრი ეწინააღმდეგებოდა დიალოგს და ჰქონდათ ამ შეხვედრის ჩაშლის სურვილი. როგორც ჩანს სწორედ ესკალაციის მოსურნე მხარემ და ძალებმა იმძლავრეს და ჩაშალეს შეხვედრა.

დღეს საქართველოს არც ერთი მოქალაქის მიმართ ევროკავშირის სანქცია არ არსებობს. არის ზოგიერთი წევრი ქვეყნის მიერ კონკრეტულ პირებზე საკუთარ ტერიტორიაზე დაწესებული შეზღუდვა. ბრიუსელმა ეს ძალიან კარგად იცოდა და თუ არ ჰქონდა იმის შესაძლებლობა, რომ ვინმე ბრიუსელში მიეღო, ჩვენ მზად ვიყავით ან საქართველოში ჩატარებულიყო, ან ნებისმიერ სხვა ლოკაციაზე, სადაც ამის შესაძლებლობა იქნებოდა, მაგრამ ჩვენი აზრით, შეგნებულად წავიდნენ ამ ესკალაციასა და მაგიდის აყირავებაზე“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.