მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა ყირგიზეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩთან

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში ყირგიზეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩთან მაკსატ მამიტკანოვთან (რეზიდენციით ქ. ბაქო).
შეხვედრისას განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების საკითხთა ფართო სპექტრი, მათ შორის, თანამშრომლობა სავაჭრო-ეკონომიკურ, ტრანსპორტის და ტურიზმის სფეროებში. აღინიშნა, რომ ყირგიზეთი ექსპორტის მიხედვით საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და იმედი გამოითქვა, რომ არსებული დინამიკა შენარჩუნდება. მხარეებმა ასევე ისაუბრეს სხვადასხვა დარგში ერთობლივი პროექტების განვითარების და გამოცდილების ურთიერთგაცვლის შესახებ.
ქვეყნებს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისთვის, ხაზი გაესვა მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობას.
ელჩმა მაკა ბოჭორიშვილს გადასცა ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჟეენბეკ კულუბაევის მოწვევა.
მაკა ბოჭორიშვილმა ელჩს წარმატებული საქმიანობა უსურვა და მასთან შემდგომი თანამშრომლობის მზაობა გამოხატა.