მაკა ბოჭორიშვილმა „ქრონიკის“ ეთერში ეუთოს მოსკოვის მექანიზმზე ისაუბრა
ჩვენი ხელისუფლება იცავს საკუთარი ხალხის და ქვეყნის საუკეთესო ინტერესებს. თუკი ეუთოს გარკვეული მექანიზმების ფარგლებში, ვინმეს აინტერესებს თუ რას აკეთებს საქართველო, მათ შეუძლია ჩამოვიდნენ, ნახონ, ესაუბრონ ყველას და შეაფასონ პროცესები - ამის შესახებ მაკა ბოჭორიშვილმა „ქრონიკის“ ეთერში ეუთოს მოსკოვის მექანიზმზე საუბრისას განაცხადა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა ეუთოს ზოგიერთი წევრი ქვეყნის მხრიდან საქართველოს მიმართ არასამართლიან დამოკიდებულებასა და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად გამოყენების მცდელობაზე.
„საქართველო არის ის ქვეყანა, რომელსაც აქვს უსაფრთხოების გამოწვევები და რა თქმა უნდა, ორგანიზაციის წევრობა, რომელიც პირველ რიგში უსაფრთხოების საკითხებზე უნდა მუშაობდეს, ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ჩვენი, როგორც ორგანიზაციის წევრი ქვეყნის კეთილსინდისიერი დამოკიდებულება ყოველთვის იყო აღნიშვნის ღირსი.
საქართველოს ხელისუფლება სრულიად არასამართლიანად მიიჩნევს იმ კრიტიკას, რომელიც რიგი წევრი სახელმწიფოებისგან მოდის და ძირითადად ეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებია.
ჩვენ ვნახეთ, რომ ეს აქტორები ცდილობენ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის გამოყენებას გარკვეული პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად.
ჩვენ ვიხილეთ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გამოყენება ამ მიზნებისთვის, ევროპარლამენტზე აღარ ვისაუბრებ, დღეს ვხედავთ მცდელობებს ეუთოს გამოყენებისა. მე მქონდა ამაზე საუბარი ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში, მაშინ გავაჟღერე კიდეც, რომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის რომ ეს არ მოხდეს. თუმცა ვხედავთ, რომ რამდენიმე ქვეყანას აქვს მცდელობა“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ქართული მხარე მზად არის, ნებისმიერ დროს გაუზიაროს მოსაზრებები ეუთოს წარმომადგენლებს.
„ჩვენ ღია ვართ და არაფერი გვაქვს დასამალი. ჩვენი ხელისუფლება იცავს საკუთარი ხალხის და ქვეყნის საუკეთესო ინტერესებს. და თუკი ეუთოს გარკვეული მექანიზმების ფარგლებში, ვინმეს აინტერესებს თუ რას აკეთებს საქართველო, მათ შეუძლია ჩამოვიდნენ, ნახონ, ესაუბრონ ყველას და შეაფასონ პროცესები. რამდენად ობიექტური იქნებიან ის ექსპერტები, რომლებსაც შეარჩევენ და რამდენად ობიექტურად შეაფასებენ ამ ყველაფერს, ეს კიდევ მეორე საკითხია. მაგრამ ჩვენი მხრიდან მზად ვართ, თუკი ვინმეს აინტერესებს, გავუზიაროთ ჩვენი მოსაზრებები ნებისმიერ საკითხზე“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.