Loading data...
მაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში ვიეტნამის ახლადდანიშნულ ელჩთან

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში ვიეტნამის ახლადდანიშნულ ელჩთან (რეზიდენციით ქ. ასტანა) ნუენ თან ლესთან.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ვიეტნამს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები. ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის აუცილებლობას და ამ კონტექსტში აღინიშნა, ვიეტნამის ვიცე-პრეზიდენტის დაგეგმილი ვიზიტი საქართველოში.

ყურადღება გამახვილდა საქართველოს სატრანზიტო პოტენციალსა და ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობებზე.

საუბარი ასევე შეეხო ახლო მომავალში, ვიეტნამში საქართველოს საელჩოს გახსნის საკითხს, რაც მნიშვნელოვან იმპულსს შესძენს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიეტნამის ელჩს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.