მაკა ბოჭორიშვილმა ბულგარეთის რესპუბლიკაში ვიზიტი შეაჯამა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას ბულგარეთის რესპუბლიკაში ვიზიტი შეაჯამა.
მინისტრის განცხადებით, ბულგარეთის პრემიერ-მინისტრთან, ვიცე-პრემიერთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრებზე აღინიშნა პოლიტიკური დიალოგის წარმართვის მნიშვნელობა, როგორც ორმხრივ, ისე ევროკავშირის კონტექსტში.
„ინტერესი ნამდვილად არის ბულგარეთის მხრიდან, რომ მოხდეს საქართველოსთან ურთიერთობების გაძლიერება და გაღრმავება. საქართველოს მხრიდანაც იგივე ინტერესი არსებობს, რომ ბულგარეთთან ჰქონდეს აქტიური პოლიტიკური დიალოგი და ეკონომიკური თანამშრომლობა. ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ბულგარეთი ერთ-ერთი მოწინავე სავაჭრო პარტნიორია საქართველოსთვის. შესაბამისად, როდესაც პრაქტიკულ თანამშრომლობაზე ვსაუბრობთ, ეს ის პრაქტიკული შედეგებია, რაც თან ახლავს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას“, - აღნიშნა მინისტრმა.
ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური დიალოგის, ეკონომიკური კავშირებისა და შავი ზღვის რეგიონში დაკავშირებადობის პროექტების მნიშვნელობას.
„ბულგარეთი მნიშვნელოვანი ქვეყანაა საქართველოსთვის, ევროკავშირის წევრი ქვეყანა, რომელთანაც გვაერთიანებს შავი ზღვა და ის პროექტები, რომლებიც სწორედ დაკავშირებადობას უკავშირდება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბულგარეთთან აქტიური პოლიტიკური დიალოგი, ეკონომიკური კავშირები და, რა თქმა უნდა, ამ თვალსაზრისით ეს ვიზიტი ნამდვილად აღსანიშნავია“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მინისტრმა ასევე ისაუბრა სოფიას ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, ბულგარელ კოლეგასთან ერთად განხილულ საკითხებზე, მათ შორის, დაკავშირებადობაზე, რეგიონის წინაშე მდგარ გამოწვევებსა და თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.
„ამ ფორუმის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად ჩვენ ვისაუბრეთ დაკავშირებადობის საკითხზე, მედეგობაზე, შავი ზღვის რეგიონის გამოწვევებზე, უსაფრთხოების გარემოზე და ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად სწორედ ამ ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში შედგა მსჯელობა საქართველოსა და ბულგარეთს შორის კავშირების მნიშვნელობაზე და მის როლზე რეგიონული დაკავშირებადობის საკითხში“, - აცხადებს ვიცე-პრემიერი.
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ სოფიას ეკონომიკური ფორუმის ორგანიზატორი - დელფოსის ეკონომიკური ფორუმი, თავის მხრივ, გეგმავს მჭიდრო თანამშრომლობას საქართველოსთან და გარკვეული ღონისძიებების საქართველოში ჩატარებას.