მაკა ბოჭორიშვილი: ვიზიტიდან სულ რაღაც ორ დღეში ეუთოს წარმომადგენელმა მოამზადა 90-გვერდიანი ანგარიში, საეჭვოა რამდენად შესაძლებელი იყო ამხელა მასალის გადამუშავება ორ დღეში, ეს ბადებს ეჭვს, რომ ანგარიში წინასწარ იყო მომზადებული
„ჩვენთვის ძალიან მარტივი იყო გამოგვეთვალა, თუ რა იყო ინტერესი ამ მექანიზმის ამოქმედების უკან, მიუხედავად ამისა, ჩვენ ვითანამშრომლეთ ეუთოს ექსპერტთან, მივიღეთ საქართველოში, უმაღლეს დონეზე ვუმასპინძლეთ, ყველა მოთხოვნილი შეხვედრა გამართა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან“, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „იმედის კვირა“ ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებულ ანგარიშზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ეუთოს წარმომადგენელს მიაწოდეს ყველა მოთხოვნილი მასალა, რაც კი მას აინტერესებდა.
„ამ ვიზიტიდან სულ რაღაც ორ დღეში ეუთოს წარმომადგენელმა მოამზადა 90-გვერდიანი ანგარიში, რაც თავისთავად ბადებდა ეჭვს, თუ რამდენად შესაძლებელი იყო ფიზიკურად ამხელა მასალის, ამდენი ინფორმაციის გადამუშავება ორ დღეში. რა თქმა უნდა, ეს ბადებდა ეჭვს, რომ ეს იყო წინასწარ მომზადებული ანგარიში, წინასწარ მომზადებული დოკუმენტი“, - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.