მაკა ბოჭორიშვილი: ვიზალიბერალიზაციის გაუქმების არანაირი სამართლებრივი საფუძველი დღეს არ არსებობს

„არანაირი სამართლებრივი საფუძველი დღეს არ არსებობს ვიზალიბერალიზაციის გაუქმების“, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
„საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის კეთილსინდისიერად აკეთებდა და აკეთებს ყველაფერს, რომ ეს სიკეთე საქართველოს მოქალაქეებს ჰქონოდათ და ეს არის სრულიად ამ ხელისუფლების დამსახურება, რომ დღეს საქართველოს მოსახლეობას აქვს უვიზო მიმოსვლა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან შენგენის ზონაში.
ვიზალიბერალიზაციის გაუქმებისთვის არანაირი საფუძველი არ არსებობს. რა თქმა უნდა, ჩვენ ვხედავთ, რომ ფანტაზიებს არ აქვს საზღვარი. ძალიან ბევრი საკითხის მიბმა და დაკავშირება ხდება ამ საკითხთან.
ჩვენ ვნახეთ ერთგვარი მცდელობები, რომ თავად ევროკავშირის პროცედურებში შესულიყო გარკვეული გამარტივებული წესები იმისთვის, რომ უფრო მარტივად მომხდარიყო უვიზო რეჟიმის შეჩერება. ერთგვარად, სხვა აქტუალური თემა არ დგას დღეს ევროკავშირში და შეგვიძლია, დავუკავშიროთ საქართველოს საკითხს, თუმცა, რა თქმა უნდა, ამას სჭირდება გარკვეული პროცედურები, მხარდაჭერა და ეს მხარდაჭერა უნდა არსებობდეს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის, უნდა არსებობდეს, რა თქმა უნდა, საფუძვლები იმისთვის, რომ მსგავსი გადაწყვეტილება მიიღოს ევროკავშირმა“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
მისი თქმით, საზოგადოებამ იცის, რომ საქართველოს მოეთხოვა გარკვეული ანგარიშზე დამატებითი ინფორმაციის წარდგენა, რაც საგარეო საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს ხელისუფლების სხვადასხვა ორგანოს მიერ განხორციელებული ქმედებების საფუძველზე, მიაწოდა ევროკავშირის მხარეს.
„რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაზე ხშირად გვესმის ფრაზა, თითქოს საქართველოს ხელისუფლება არაფერს აკეთებ, რომ დაიცვას უვიზო მიმოსვლა და ამას ვინც ამბობს, ალბათ იქვე უნდა ვკითხოთ, თუ რა არის ის, რასაც საქართველოს ხელისუფლება არ აკეთებს იმისთვის, რომ დაიცვას უვიზო მიმოსვლა.
რა თქმა უნდა, ჩვენ მივალთ ორ კანონამდე, რომელსაც იყენებენ დღეს იმისთვის, რომ დააზიანონ საქართველოს ინტერესები, რომელიც არაფერ შუაში არ არის უვიზო მიმოსვლასთან, რომელსაც არაფერი საერთო არ აქვს ჩვენი მოქალაქეების თავისუფალ გადაადგილებასთან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში.
მეც ვარ ის პოლიტიკოსი, რომელმაც სრულიად გაცნობიერებულად მხარი დავუჭირე კანონს გამჭვირვალობის შესახებ“ და მხარი დავუჭირე კანონს „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ მარტივი მიზეზით, ეს სჭირდება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, ეს სჭირდება სტაბილურობას და ამას აქვს ძალიან სერიოზული საფუძვლები, თუ რატომაც მიიღო საქართველოს ლეგიტიმურმა ხელისუფლებამ, ხალხის მიერ არჩეულმა პარლამენტმა ეს ორი კანონი.
ეს არის სრულიად ლეგიტიმური გადაწყვეტილებები ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების, ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის, რომლის უკანაც დგას ამომრჩეველი და ჩვენ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ჩვენს ამომრჩეველს, იმ ადამიანებს, ვინც დგანან ჩვენ უკან, რა თქმა უნდა, ვერ ვუღალატებთ ვერანაირი შანტაჟის ფასად“, - აცხადებს ბოჭორიშვილი.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ამ პირობებში რატომ არის გაიგივებული ეს ორი კანონი ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ საზოგადოებას ახსოვს, რა პროცესები წარიმართა ამ კანონებთან, განსაკუთრებით, „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით.
„ეს იყო სრულიად მიუღებელი, რადგან სწორედ გამჭვირვალობა შეუშლიდა ხელს იმ ორგანიზაციების მოქმედებას თუ საქმიანობას, იმ თვალსაზრისით, რომ გამჭვირვალე გახდებოდა ჩვენი საზოგადოებისთვის, თუ საიდან ფინანსდებიან პოლიტიკოსები, ჩვენ რომ ვეძახით, და საიდან ფინანსდება პოლიტიკაში ჩვენი ოპოზიცია, თუ როგორ ხდება ე.წ. არასამთავრობო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობა ქართულ პოლიტიკაში.
ჩვენ ვერ მოვატყუებთ ჩვენს საზოგადოებას. რა თქმა უნდა, ჩვენს საზოგადოებას ეს უნდა სცოდნოდა, უნდა იცოდეს და ეს გააკეთა სწორედ იმ კანონმა, რომელიც შეეხებოდა გამჭვირვალობას არასამთავრობო ორგანიზაციების. ეს სჭირდებოდა ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას. სწორედ ამიტომ იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილებები“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ნებისმიერი ევროპული სახელმწიფო გააკეთებდა იმავეს, თუკი ეს დასჭირდებოდა მათი უსაფრთხოების და სტაბილურობის დაცვას.
„ნებისმიერი სახელმწიფო იქნება ღია, განიხილოს უცხო ქვეყნის დაფინანსება და ჩარევა საკუთარ საშინაო საქმეებზე, როგორც საფრთხე. ასე რომ, საქართველო არ უნდა იყოს ის გამონაკლისი, რომ ჩვენ ამაში ვხედავდეთ გარკვეულ საფრთხეებს, როდესაც ვსაუბრობთ უცხოურ ჩარევებზე და უცხოურ დაფინანსებებზე“, - დასძინა საგარეო საქმეთა მინისტრმა.