Loading data...
მაკა ბოჭორიშვილი: უკრაინას უნდა ჰქონდეს ინსტრუმენტები, მიიღოს კომპენსაცია იმ ზიანისთვის, რომელიც ქვეყანასა და ხალხს მიადგათ უსამართლო ომის შედეგად

უკრაინას უნდა ჰქონდეს შესაბამისი ინსტრუმენტები, რათა მიიღოს კომპენსაცია იმ ზიანისთვის, რომელიც ქვეყანასა და ხალხს მიადგათ ამ უსამართლო ომის შედეგად, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჰააგაში განაცხადა, სადაც ევროპის საბჭოს ეგიდით, უკრაინისთვის საჩივრების საერთაშორისო კომისია დაფუძნდა.

ბოჭორიშვილის თქმით, საქართველო, როგორც ზარალის რეესტრის დამფუძნებელი წევრი, მიესალმება საერთაშორისო საჩივრების კომისიის შექმნას.

„საკუთარი ქვეყნის დასაცავად უკრაინელი ხალხის ბრძოლა გულგრილს ვერ დაგვტოვებს. ის ტრაგიკული რეალობა, რომელსაც დღეს ევროპის შუაგულში ვხედავთ, მეტ ძალისხმევას მოითხოვს რეგიონში მშვიდობის აღსადგენად. საერთაშორისო ნორმების უხეში დარღვევა არ უნდა დარჩეს უპასუხოდ. დღეს ჩვენ აქ შევიკრიბეთ, რომ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგას საჭირო სამართლებრივი მექანიზმების შესაქმნელად. საქართველო მიესალმება საერთაშორისო საჩივრების კომისიის შექმნას“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.