Loading data...
მაკა ბოჭორიშვილი: თუკი ევროკავშირი სერიოზულად განიხილავს სამხრეთ კავკასიის რეგიონს, როგორც შუა კორიდორს, აქ საქართველოს გარეშე საუბარი წარმოუდგენელია

როდესაც ევროკავშირთან ურთიერთობებზე, ან დაკავშირებადობაზეა საუბარი, ამ შემთხვევაში რომელიმე ქვეყნის ამოგლეჯა სამხრეთ კავკასიიდან, აზრს მოკლებულია და სწორედ ამიტომ აზრს კარგავს, როდესაც ვინმე საუბრობს სამხრეთ კავკასიაზე ერთი ქვეყნის გამოკლებით. თუკი ევროკავშირი სერიოზულად განიხილავს სამხრეთ კავკასიის რეგიონს, როგორც შუა კორიდორს, აქ საქართველოს გარეშე საუბარი წარმოუდგენელია, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მინისტრმა „ტრიპის“ პროექტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია.

„პრემიერ-მინისტრმა, ფაშინიანმა მოგვაწოდა ინფორმაცია, თუ რა განხილვები მიმდინარეობს აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით აშშ-სთან, აზერბაიჯანთან და ზოგადად, როგორ წარმოუდგენიათ ამ პროექტის განხორციელება, რაც მნიშვნელოვანია.

ერთი რამ რაც ცალსახად აღინიშნა ორივე მხრიდან, ეს არის, რომ რეგიონის მნიშვნელობა კიდევ უფრო იზრდება იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გვექნება ალტერნატიული მარშრუტები, რაც კიდევ უფრო მეტი ტვირთის და მეტი შესაძლებლობების მოზიდვას უზრუნველყოფს.

ამ კონტექსტში პირველ რიგში მნიშვნელოვანია სტაბილურობა და მშვიდობა რეგიონში და ეს ერთმანეთთან ძალიან მჭიდროდ არის დაკავშირებული.

როდესაც ვსაუბრობთ ეკონომიკურ პროექტებზე, რა თქმა უნდა ეს უკავშირდება ძალიან მნიშვნელოვან პოლიტიკურ ნაბიჯებს. არ შეიძლება არ აღვნიშნო ამ კონტექსტში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიღწეული შეთანხმება, რაც გადამწყვეტ როლს თამაშობს ამ ეკონომიკური პროექტის განხორციელებაში“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.