Loading data...
მაკა ბოჭორიშვილი სერბეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა სერბეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან (რეზიდენციით ქ. ერევანში) ტატიანა პანაიოტოვიჩ ცვეტკოვიჩთან.

მხარეებმა ისაუბრეს არსებული ტრადიციული, მეგობრული კავშირების შესახებ, მიესალმნენ ორმხრივი ურთიერთობების მზარდ დინამიკას და უკანასკნელ პერიოდში ორ ქვეყანას შორის გამართულ მაღალი დონის შეხვედრებს.

მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯად შეფასდა თბილისსა და ბელგრადს შორის პირდაპირი ფრენების დაწყება, რამაც ხელი შეუწყო ბიზნესკავშირებისა და ხალხთაშორისი ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას, ასევე, მგზავრთა ნაკადების გაზრდასა და ახალი ტურისტული მიმართულებების განვითარებას.

შეხვედრის ფარგლებში, ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს. განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოსა და სერბეთს შორის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმებისათვის ორივე მხარის მზაობა და ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების მნიშვნელობა.

მათ შორის მხარეები მიესალმნენ საქართველოსა და სერბეთს შორის მთავრობათაშორისი ერთობლივი ეკონომიკური კომისიის მორიგი სესიის ჩატარებას, რომელიც მიმდინარე წლის ნოემბერში, ბელგრადში გაიმართება.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ბიზნეს-საზოგადოებებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის და ამ კუთხით შემდგომი ნაბიჯების გადადგმის მნიშვნელობაზე.

მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.

შეხვედრაზე ელჩმა მინისტრს საქართველოსა და სერბეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლისთავის აღსანიშნავად გამოშვებული საიუბილეო საფოსტო მარკა გადასცა.